ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, თუ ის ომის დასრულებამდე ჩატარდებოდა

00:53, 19.10.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, თუ ის ომის დასრულებამდე ჩატარდებოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ „ენბისი ნიუსის“ გადაცემაში „შეხვდით პრესას“ განაცხადა.

კითხვაზე, იყრიდა თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭს, თუ უკრაინას არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა ექნებოდა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისი პასუხისმგებლობაა, ომის დასაწყისიდან ბოლომდე ქვეყანა დაიცვას.

„რა თქმა უნდა, თუ ეს ომის დროს იქნებოდა. ჩემი პასუხისმგებლობაა, დავიცვა ჩემი ქვეყანა ამ ომის დასაწყისიდან ბოლომდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ომის დასრულებიდან ექვსი თვე დასჭირდება არჩევნებისთვის მოსამზადებლად.

„მაგრამ თუ ომი არ დასრულდება და თუ ტრამპს და პუტინს სურთ, რომ არჩევნები ჩავატარო, მე მათ ვუთხარი: მოგვეცით, მინიმუმ, 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, ყოველგვარი სხვა მოლაპარაკებების გარეშე, მხოლოდ 60 დღე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევცვალოთ კანონი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად. მაგრამ დამიჯერეთ, ეს სრულიად საშიშად და დაუჯერებლად გამოიყურება, რადგან ჩვენ გვჭირდება სამართლიანი არჩევნები, ჩვენ გვჭირდება სამხედროებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა. თუ ფიქრობთ, რომ მე არ მინდა არჩევნები, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასრულების სურვილის არქონაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებას გამართავდა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა არჩევნების ჩასატარებლად, თუ რუსეთი დათანხმდებოდა 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას.

კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი არ არის მზად უკრაინაში არჩევნებისთვის 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დასაცავად და პუტინი მზადაა, მხოლოდ არჩევნების დღეს შეწყვიტოს იერიშები.

მსგავსი