ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სექტემბრის ბოლოს ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე უკრაინა ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს დააყენებს

23:32, 10.09.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე უკრაინა ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს დააყენებს.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსკოვთან სერიოზულ მოლაპარაკებებს არ ელოდება. თუმცა უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სექტემბრის ბოლოს ამერიკულ მხარესთან შეხვედრა, რომელიც ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება, შედეგიანი იქნება.

„პირველ რიგში, ჩვენ შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ რუსეთში არჩევნების პერიოდში ძლიერი მოლაპარაკებები არ გვექნება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყოველდღიურად ინარჩუნებს კავშირს აშშ-ის დელეგაციასთან, მოლაპარაკებების მთავარ საკითხებად კი ის ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებას ასახელებს.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა შედეგების მიღწევა შეგვიძლია, როგორ მოვემზადოთ სამმხრივი შეხვედრისთვის და რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს მას, მსოფლიოს ყველა პარტნიორი აყენებს მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის საკითხს, რომლის ექსპორტის დაბლოკვაც რუსეთმა შავ ზღვაში დაიწყო. ჩვენ ამაზე რეაგირება მოვახდინეთ და ანალოგიური ზომები მივიღეთ. მაგრამ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი ამ ომს არასდროს შეწყვეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, ნიუ იორკში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოსალოდნელი შეხვედრის შემდეგ კონკრეტული შედეგების მიღწევას შეძლებს. თუმცა ამავდროულად ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმები გააძლიეროს.

„რუსეთის ბუნებიდან გამომდინარე, როდესაც მათ ესმით, რომ ჩვენ სადმე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროპელებთან, კანადელებთან ან ამერიკელებთან, ისინი ჩვენზე თავდასხმების გაძლიერებას ცდილობენ. ისინი ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებენ, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ჩაშალონ, ნებისმიერი დიალოგი შეაფერხონ. მაგრამ ჩვენ ამ პროცესის გვჯერა და ამ მიმართულებით მოძრაობას გავაგრძელებთ – ეს ომის შეჩერების ერთადერთი გზაა, სხვა გზა არ არსებობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, აშშ-თან მოლაპარაკებების პირველ შედეგებს სექტემბრის ბოლოს ელოდება.

მსგავსი