ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ოფისში ჩამოყალიბდება უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააანალიზებს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ოფისში ჩამოყალიბდება უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააანალიზებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში პრეზიდენტის ოფისში ჩამოყალიბდება უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააანალიზებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მიზანია, სანქციებმა იმუშაოს ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული და არ იყოს მათი გვერდის ავლის არანაირი შესაძლებლობა. მან საერთაშორისო საზოგადოებას პრევენციული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება.

„უკრაინა ვერ და არ დაეთანხმება რუსეთის მიმართ ზოგიერთი სუბიექტის პასიურ სასანქციო პოზიციას. არ უნდა იყოს არანაირი ჰაერში გამოკიდებული სასანქციო პაკეტი იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის ჯარები რამეს ჩაიდენენ. ჩვენ უკვე გავიარეთ ეს ისტორია გასულ წელს, როდესაც ვამბობდით, რომ გვჭირდება მძლავრი პრევენციული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რომ არ მომხდარიყო ინტერვენცია. პრევენციული პაკეტი არ დააწესეს. ახლა ბევრი მინიშნება და გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ თითქოს სანქციების გაძლიერება, მაგალითად, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს სახით, მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ იარაღს. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. უბრალოდ დაუფიქრდით, სადამდე მივიდა ყველაფერი: ველოდოთ ქიმიურ იარაღს. ჩვენ, ცოცხალმა ადამიანებმა უნდა ველოდოთ. ნუთუ ყველაფერი, რაც რუსმა სამხედროებმა აქამდე უკვე გააკეთეს, არ იმსახურებს ნავთობზე ემბარგოს დაწესებას? ფოსფორის ბომბები არ იმსახურებს? დაბომბილი ქიმიური საწარმოები ან ბირთვული სადგური არ იმსახურებს?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერის თქმით, სანქციების პაკეტები უნდა იყოს ქმედითი და არ შეუქმნას რუსეთს ილუზია, რომ შეუძლია, გააგრძელოს იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებს.