ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად „სამშვიდობო შეთანხმების“ ახალი ვარიანტი დონალდ ტრამპის მაგიდაზეა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად „სამშვიდობო შეთანხმების“ ახალი ვარიანტი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაგიდაზეა. ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა.
„აშშ-ის წინადადების შემდეგ გამოჩნდა სხვა დოკუმენტებიც და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი უკვე არის პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის ჰკითხეს უკრაინის „წითელი ხაზების“ შესახებ, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ცეცხლის შეწყვეტამდე აზრს მოკლებულია. თუმცა, ზელენსკიმ მაინც დასძინა: „ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს ან ჩვენს კონსტიტუციას, არ შეიძლება, იყოს არცერთ შეთანხმებაში“.
ამ განცხადებით ზელენსკიმ ფაქტობრივად გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ კიევი არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.