ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაში“ დარჩა ღია საკითხები, რომლებსაც ის დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში დარჩა ღია საკითხები, რომლებსაც ის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილავს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ჟენევიდან დაბრუნებულმა გუნდმა მოახსენა ახალი გეგმის შესახებ და უკრაინისთვის მგრძნობიარე საკითხებს ის თავად განიხილავს დონალდ ტრამპთან. ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ დოკუმენტის განახლებულ ვერსიაში აღარ არის 28 პუნქტი.
„ბევრი სწორი რამ გათვალისწინებულია ამ ჩარჩოში, თუმცა ჯერ კიდევ არის, რაზეც უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად საბოლოო დოკუმენტის შემუშავებისთვის. ჩვენ ვაფასებთ, რომ მსოფლიოს უმეტესობა მზადაა, დაგვეხმაროს და ამერიკული მხარე კონსტრუქციულად არის განწყობილი“, – თქვა ზელენსკიმ.