ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯორჯია მელონიმ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაეხმაროს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაეხმაროს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯორჯია მელონისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის თქმით, საუბრის დროს უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ახალი ტალღის ფონზე მელონიმ იტალიის სოლიდარობა გამოხატა და აღნიშნა, რომ იტალია უკრაინას საგანგებო დახმარებას გაუწევს.
მისივე თქმით, იტალიური კომპანიების მიერ მიწოდებული გენერატორები უკრაინაში უახლოეს კვირებში გაიგზავნება.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მელონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის მხარდაჭერა.
„ჩვენ განვიხილეთ ამერიკულ მხარესთან ჩვენი საუბრის შედეგები, მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები. ჩვენ კვლავ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი ნამდვილად აიღებს ვალდებულებას ომის დასრულებაზე. იტალია ნათლად უჭერს მხარს ნამდვილი უსაფრთხოებისა და ომის ნებისმიერი გაჩაღების თავიდან აცილების აუცილებლობას. ჩვენ ვემზადებით, ევროპაში ერთად ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიპლომატიამ იმუშაოს“, – წერს ზელენსკი.