ვოლკოვმა აზერბაიჯანში ისევ გაიტანა - „საბაჰი“ მეორე ადგილზე დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში თავი ისევ გამოიჩინა. 27 წლის თავდამსხმელმა „საბაჰის“ შემადგენლობაში გოლის გატანა „სუმგაითთან“ გასვლით მატჩში მოახერხა, რომელიც მისმა გუნდმა 6:0 მოიგო.

ვოლკოვს წელს ძირითად შემადგენლობაში ხშირად არ ათამაშებენ. ამჯერადაც მოედანზე შეცვლაზე, 63-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს მისი გუნდი 5:0-ს იგებდა. ვოლკოვს გოლის გატანის შანსი 86-ე წუთზე მიეცა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი თავზე გადაუგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში „საბაჰის“ შემადგენლობაში მე-4 გოლი გაიტანა. მისი გუნდი კი 43 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ყარაბაღს“ 7 ქულით ჩამორჩება.

მესამე ადგილზე ბაქოს „ნეფთჩია“ (38), რომელმაც ბოლო ტურში 3:0 დაამარცხა „შამახი“ – გამარჯვებულ გუნდში საქართველოს ნაკრების მცველმა, საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა.