ვოლკოვი პირველად გამოიძახეს - ცვლილება ეროვნული გუნდის შემადგენლობაში #1TVSPORT
ვოლკოვი პირველად გამოიძახეს - ცვლილება ეროვნული გუნდის შემადგენლობაში #1TVSPORT

დავით ვოლკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება – ეს დღეს გახდა ცნობილი, როდესაც „ჯვაროსნები“ საწვრთნელ შეკრებას იწყებენ.

ვილი სანიოლის გუნდი შვედეთთან და უზბეკეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგნელობით მოემზადება და დღეს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.

მთავარი მწვრთნელის მიერ გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. ტრავმის გამო წლის დასკვნით მატჩებს გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს. ბელგიური „სერენის“ ფეხბურთელის ნაცვლად, შემადგნელობაში აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელი დავით ვოლკოვი მიიწვიეს.

26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების განაცხადში პირველად იქნება. დავით ვოლკოვი 10 ტურის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია. ფეხბურთელს რვა გოლითა და სამი საგოლე გადაცემით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ბოლო ტურში კი „საბაჰთან“ გასვლით მატჩში „ზირას“ ქართველმა თავდამსხმელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და გუნდს ქულის გადარჩენაში დაეხმარა.

ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან აზერბაიჯანის ჩემპიონატი არაფრით ნაკლები არაა, ვიდრე ყაზახეთის ან კვიპროსის ჩემპიონატები, საიდანაც საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელებს სისტემატურად იწვევდნენ და იწვევენ. ვოლკოვი კი ბოლო ორი სეზონია, აზერბაიჯანის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირებშია.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

11 ნოემბერი | 21:00

საქართველო – შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

15 ნოემბერი | 18:00

საქართველო – უზბეკეთი