ვოლკოვი მოედანს მალე დაუბრუნდება
ვოლკოვი მოედანს მალე დაუბრუნდება

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეექვსე ტურში დედაქალაქური დერბი გაიმართა, სადაც „საბურთალომ“ გასვლაზე „დინამო თბილისს“ 1:0 სძლია.

ამ შეხვედრის 76-ე წუთზე „საბურთალო“ კაცნაკლული დარჩა, რადგან გუნდის თავდამსხმელი და ერთ-ერთი ლიდერი დავით ვოლკოვი დაშავდა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

საბედნიეროდ, თავდაპირველი ეჭვი, რომ 22 წლის ფეხბურთელს მძიმე ტრავმა ჰქონდა, არ დადასტურდა. ინფორმაცია „საბურთალომ“ გაავრცელა.

„ვოლკოვს „დინამოსთან“ მატჩში კოჭი გადაუბრუნდა, რის შემდეგაც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სურათის გადაღების შემდეგ, მას ძვლოვანი დაზიანება არ აღენიშნება. აქედან გამომდინარე, ტრავმა სერიოზული არ არის. ფეხბურთელი ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. სავარაუდოდ, დათო ვარჯიშს უახლოეს დღეებში განაახლებს“, – ამბობს „საბურთალოს“ ექიმი ლევან ქებაძე.