ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესოთა სამეულში დაასახელეს - ქართველი თავდამსხმელი „კრასნოდარის“ ექსმწვრთნელმა გამოარჩია #1TVSPORT
ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესოთა სამეულში დაასახელეს - ქართველი თავდამსხმელი „კრასნოდარის“ ექსმწვრთნელმა გამოარჩია #1TVSPORT

დავით ვოლკოვი მურად მუსაევმა „მატჩ ტვ“-სთან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრემიერლიგის ფეხბურთელებში გამოარჩია. ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების და აზერბაიჯანული „ზირას“ თავდამსხმელი ლიგის საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში დაასახელა.

აზერბაიჯანულ საფეხბურთო კლუბ „საბახის“ რუსმა მთავარმა მწვრთნელმა ბაქოს გუნდში მუშაობის შესახებ, ამ ქვეყანაში მოხვედრასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. კითხვაზე, დაესახელებინა აზერბაიჯანის მიმდინარე ჩემპიონატის სამი საუკეთესო მოთამაშე, „საბახის“ მთავარმა მწვრთნელმა ასეთი პასუხი გასცა:

„კარგ სეზონს ატარებს ემინ მახმუდოვი „ნეფჩიში“, რომელიც მოსკოვის „სპარტაკიდან“ გემახსოვრებათ. გამოირჩევა „ყარაბაღის“ ფრანგი მოთამაშე აბდელა ზუბირი, ასევე „ზირას“ ქართველი თავდამსხმელი დავიდ ვოლკოვი“, – განაცხადა მურად მუსაევმა.

38 წლის სპეციალისტი 2018—2020 წლებში რუსეთის პრემიელრიგის „კრასნოდარს“ წვრთნიდა. 2018/19 წლების სეზონში „კრასნოდარი“ ახალგაზრდა მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ისტორიაში მეორედ გახდა რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური და ასევე პირველად გავიდა ევროპის ლიგის 1/8 ფინალში. ტურნირიდან „ლევერკუზენი“ გამოთიშა და „ვალენსიასთან“ დაპირისპირებისას მხოლოდ ბოლო წამებზე გაუშვა ხელიდან მომდევნო ტურში გასვლის შესაძლებლობა. მუსაევმა „საბახი“ 2021 წლის ოტომბერში ჩაიბარა.