„ვოლფსბურგის“ მწვრთნელი კრისტიან ერიქსენს კარიერის დასრულებას ურჩევს #1TVSPORT
„ვოლფსბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტობიას შტრობლმა განაცხადა, რომ გაუგებდა კრისტიან ერიქსენს, თუ ის კარიერის დასრულებას გადაწყვეტდა. მისი თქმით, ადამიანური გადმოსახედიდან, თავადაც ასე მოიქცეოდა.
ივნისში, უკრაინის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მოედანზე გონების დაკარგვის შემდეგ, კრისტიან ერიქსენი სარეაბილიტაციო კურსს ამჟამად დანიაში გადის. შესაბამისად, მას მიმდინარე სეზონში „ვოლფსბურგის“ რიგებში არ უთამაშია და კვლავ გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ისევ მოედანზე დაბრუნებას.
„როგორც მწვრთნელი, ფრთხილად უნდა ვიყო, რომ მსგავს საკითხებში არ ჩავერიო. თუმცა, როგორც ადამიანი, მე კარიერას დავასრულებდი“, – განაცხადა შტრობლმა.
34 წლის კრისტიან ერიქსენს „ვოლფსბურგთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის გერმანულ კლუბს გასულ წელს შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 34 შეხვედრა ჩაატარა.