„ვოლფსბერგერმა“ ორი საკონტროლო მატჩი მოიგო, გიორბელიძემ პენალტი მოიპოვა

23:56, 16.01.2021

ხანმოკლე საშობაო არდადეგების შემდეგ ავსტრიულმა „ვოლფსბერგერმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, სეზონისთვის მზადება დაიწყო და საკონტროლო მატჩი გამართა.

„მგლებმა“ („ვოლფსბერგერის“ ზედმეტსახელია) შეკრებაზე ორი ტესტ-მატჩი გამართეს და ორივე მოიგეს. პირველ შეხვედრაში კლაგენფურტის „აუსტრიას“ 1:0 სძლიეს, ხოლო მეორეში სლოვენიის მეორე ლიგის „ბრეზიცე“ 3:0 დაამარცხეს.

პირველ სპარინგში „ვოლფსბერგერის“ ძირითად შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილი იყო, მეორეში – გური გიორბელიძე. ავსტრიელებმა სლოვენიელებთან მეორე გოლი პენალტით გაიტანეს, რომელიც 24 წლის ქართველი მარცხენა მცველის წაქცევისთვის დაინიშნა.

„ვოლფსბერგერმა“„ბრეზიცესთან“ შეხვედრით ხანმოკლე შეკრება დაასრულა და 17 იანვარს ბუნდესლიგის საგაზაფხულო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს – გუნდი ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი