„ვოლ სთრით ჯორნალი“ - ისრაელი მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან საუდის არაბეთისთვის ურანის გამდიდრების წინადადების შემუშავებაზე
„ვოლ სთრით ჯორნალი“ - ისრაელი მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან საუდის არაბეთისთვის ურანის გამდიდრების წინადადების შემუშავებაზე

ისრაელი მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან საუდის არაბეთისთვის ურანის გამდიდრების წინადადების შემუშავებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ოპერაცია აშშ-ის მიერ იქნება განხორციელებული, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უბრძანა ბირთვული და უსაფრთხოების უმაღლეს ექსპერტებს, მონაწილეობა მიეღოთ მოლაპარაკებებში. ეს არის იერუსალიმსა და რიადს შორის პოტენციური ნორმალიზების შეთანხმების ნაწილი.

ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების სანაცვლოდ, საუდის არაბეთი ითხოვს აშშ-თან ძირითადი ორმხრივი თავდაცვის პაქტის დადებას, შეიარაღების მნიშვნელოვან გარიგებებს და თანამშრომლობას საუდის არაბეთის მიწაზე სამოქალაქო ბირთვული პროგრამის დასამყარებლად, ასევე ისრაელის მხრიდან დათმობებს პალესტინელებთან მიმართებით.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჯერ არ დათანხმებულა წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს ურანის გამდიდრებას საუდის არაბეთში და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ოფიციალური პირები კვლავ ეძებენ სხვა ალტერნატივებს.

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას „ყოველდღიურად უახლოვდება“. ამასთან, განმარტა, რომ პალესტინის საკითხი კვლავ პროცესის „ძალიან მნიშვნელოვანი“ კომპონენტია. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთს მოუწევს ბირთვული იარაღის მოპოვება, თუ ირანი ამას გააკეთებს.