„ვოეტბალნიუსი“ - ქვილითაიამ ნდობისთვის მადლობა გოლით გადაიხადა
„ვოეტბალნიუსი“ - ქვილითაიამ ნდობისთვის მადლობა გოლით გადაიხადა

ევროპის ლიგაზე „რომათან“ შეხვედრამდე გენტმა საშინაო შეხვედრა ბელგიის ჩემპიონატში „სენტ ტრუიდენთან“ ჩაატარა და 4:1 გაიმარჯვა.

ამ შეხვედრაში გიორგი ქვილითაია ძირითად შემადგენლობში იყო და გოლის გატანასთან ერთად, პენალტი გამოიმუშავა. ასევე ძირითადში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

„სადავო არაა, რომ მატჩის გმირი ჯონათან დევიდი იყო, რომელმაც პროფესიონალურ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა, მაგრამ გიორგი ქვილითაიამაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. გამომდინარე იქიდან, რომ ლორან დეპუატრე ტრავმის გამო ვერ თამაშობდა, ქართველს შანსი მიეცა, თამაში ძირითად შემადგენლობაში დაეწყო და მან მწვრთნელს ნდობისთვის მადლობა გოლით გადაუხადა“ – წერს „ვოეტბალნიუსი“.

ბელგიურმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს კომენტარი ჩამოართვა, რომელმაც ამ გოლის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„რთული პერიოდი გავიარე, რადგან თავდამსხმელი რომ ვერ თამაშობს და ვერ გააქვს, ავტომატურად საკუთარ თავში ნაკლებად თავდაჯერებული ხდება. იმედი მაქვს, რომ ეს გოლი საკუთარი თავის რწმენას დამიბრუნებს. თანაგუნდელმა ისეთი გადაცემა გააკეთა, რომ უბრალოდ ნახტომი დამჭირდა, რომ გამეტანა” – ამბობს ქართველი თავდამსხმელი.