ვლდიმერ ვაისი - „სლოვანთან“ ერთად მოვედი, როგორც მეტოქე და არა მტერი, რადგან ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია #1TVSPORT
ვლდიმერ ვაისი - „სლოვანთან“ ერთად მოვედი, როგორც მეტოქე და არა მტერი, რადგან ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია #1TVSPORT

ბათუმში „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის განმეორებით მატჩამდე სლოვაკეთის ჩემპიონმა, ბრატისლავას „სლოვანმა“ „აჭარაბეთ არენაზე“ ივარჯიშა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ბრატისლავაში 0:0 დასრულდა და განმეორებით შეხვედრაში მასპინძლობა ბათუმის „დინამოს“ ფავორიტის რანგში შეხვდება. ცხადია, დიდი ინტერესი ვლადიმირ ვაისთან შეხვედრამ გამოიწვია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში მუშაობისას შესამჩნევი კვალი დატოვა.

სლოვაკმა სპეციალისტმა გაიხსენა და მოიბოდიშა 2020 წლის 12 ნოემბრის ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 0:1 წააგო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ საქართველოში ვიმყოფები. ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველო ჩემს მეორე სახლად მიმაჩნია. ბოდიშს ვიხდი მხოლოდ დასასრულისთვის. ეს წარუმატებელი იყო ჩემთვის და ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა. მთელი გულით ვუსურვებ საქართველოს ყველაფერს საუკეთესოს, ახლა ბრატისლავის „სლოვანთან“ ერთად მოვედი, როგორც მეტოქე და არა მტერი, რადგან ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია“, – განაცხადა ქართველ ჟურნალისტებთან ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მიანიშნა, რა შეიძლება იყოს გადამწყვეტი განმეორებით მატჩში: 

„ახლა ჩემს განკარგულებაშია „სლოვანის“ სრული შემადგენლობა. ადრიან ჩიოვანისა და მარტინ ტრნოვსკას გარდა, მეკარის ტრიუმვირატს აკადემიიდან ახალგაზრდა მეკარე ბრანისლავ ჩუდიკი დაემატა. ყველა, ვინც ჩამოვიდა, ანუ 21 მოთამაშე და სამი მეკარე, ჯანმრთელია. თითქმის მთელი გუნდი მზადაა დასაწყებად. ჩვენ მასპინძელთა გუნდთან ვიცით, რაც გველოდება. უკეთ უნდა ვითამაშოთ და მეტი ვირბინოთ უბურთოდ და წარმატებას მაშინ მივაღწევთ“.

ვლადიმირ ვაისმა მეტოქეზეც ისაუბრა: 

„ბათუმის „დინამო“ სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ექვსი წლის წინ, როცა პირველად ჩამოვედი. კლუბმა ბოლო წლებში დიდი სამუშაო ჩაატარა, გაიარა გზა მეორე დივიზიონიდან ჩემპიონის ტიტულისკენ და ევროტურნირზე ერთი წლის წინაც ძალიან კარგად ითამაშა. მჯერა, რომ ფანტასტიკური მაყურებლის წინაშე დიდი ფეხბურთი გველოდება. ადვილი არ იქნება, მაგრამ მე მჯერა ჩვენი წარმატების. პირველი მატჩი არც თუ ისე კარგად ვითამაშეთ. ახლა უკეთესი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ეს სათამაშო პრაქტიკის არქონის შედეგიც იყო, რადგან საქართველოში სეზონი მიმდინარეობს, ჩვენ კი სეზონს ახლა ვიწყებთ. თუმცა, ხვალ ამაზე არავინ ისაუბრებს. ყველა ილაპარაკებს შედეგზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება“.