ვლადიმირ ზელენსკიმ რადაში რეფერენდუმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა
ვლადიმირ ზელენსკიმ რადაში რეფერენდუმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რადაში წარადგინა კანონპროექტი საყოველთაო რეფერენდუმის გზით ხალხის მმართველობის შესახებ. დოკუმენტი განსაზღვრავს იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც რეფერენდუმის გზით იქნება შესაძლებელი.

უკრაინის საყოველთაო რეფერენდუმის საგანი შეიძლება იყოს შემდეგი საკითხები: 1. უკრაინის კონსტიტუციის პირველ, მესამე და მეცამეტე თავებში ცვლილებების შეტანა (საუბარია ზოგად პრინციპებზე, არჩევნებსა და რეფერენდუმზე, ასევე მართლმსაჯულებაზე); 2. ზოგადი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები; 3. უკრაინის ტერიტორიის ცვლილების საკითხი; 4. უკრაინის კანონის ან მისი ცალკეული დებულების მოქმედების შეწყვეტა.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, რეფერენდუმის გამართვა არ არის დასაშვები საგადასახადო და საბიუჯეტო, ასევე ამნისტიის საკითხებზე.

რეფერენდუმზე არ შეიძლება ისეთი საკითხების გატანა, რომლებიც ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ასევე მიმართულია უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ; შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ეროვნულ უსაფრთხოებას, გააღვივოს ეთნიკური ან რელიგიური შუღლი. რადაში წარდგენილი დოკუმენტით, შესაძლებელი გახდება რეფერენდუმზე ელექტრონული კენჭისყრა.

კანონპროექტის თანახმად, რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება ქვეყანაში საომარი ან საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

აქამდე, უკრაინაში რეფერენდუმის შესახებ 2012 წლის კანონი მოქმედებდა, თუმცა 2018 წელს ის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.

დატოვე კომენტარი