ვლადიმირ ზელენსკი უკრაინელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - ეს არ არის ბოლო სატელეფონო ზარი, რომლის შესახებაც უკრაინელები მოისმენენ
ვლადიმირ ზელენსკი უკრაინელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - ეს არ არის ბოლო სატელეფონო ზარი, რომლის შესახებაც უკრაინელები მოისმენენ

ეს არ არის ბოლო სატელეფონო ზარი, რომლის შესახებაც უკრაინელები მოისმენენ, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დეპუტატ ანდრეი დერკაჩის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული აუდიოჩანაწერების საქმეს.

„რაც შეეხება ბაიდენისა და პოროშენკოს ზარს, ვფიქრობ ეს არ არის ერთადერთი ჩანაწერი, რომელსაც უკრაინელი ხალხი მოისმენს. რეაგირება პროკურატურამ უნდა მოახდინოს, სამართალდამცველმა ორგანოებმა. გენერალურმა პროკურორმა ამ საკითხზე მოკვლევა უკვე დაიწყო“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

აუდიოჩანაწერები ქვეყნის გენერალურ პროკურატურას დეპუტატმა ანდრეი დერკაჩმა გადასცა. როგორც უკრაინული მედია წერს, სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერებში სავარაუდოდ ისმის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ხმა. უკრაინელი დეპუტატი ამტკიცებს, რომ „ეს საუბრები ადასტურებს საერთაშორისო კორუფციის ფაქტებს და სახელმწიფო ღალატს უმაღლეს დონეზე“.

მისივე თქმით, აღნიშნული საუბრები 2015-2016 წლებში მიმდინარეობდა. დეპუტატი ამბობს, რომ ჩანაწერები გამომძიებელი ჟურნალისტებისგან მიიღო.