ვლადიმირ ვაისი - სამწუხაროდ, კლუბებში პრობლემა ბევრ ფეხბურთელს აქვს
ვლადიმირ ვაისი - სამწუხაროდ, კლუბებში პრობლემა ბევრ ფეხბურთელს აქვს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დახურული შეხვედრაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნულ გუნდში არსებულ ვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

ვლადიმირ ვაისი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

– ირლანდიასთან შეხვედრის შემდეგ ქართულ მედიასთან არ მისაუბრია და ეს ორი შეხვედრა არ შემიფასებია. ამიტომ მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეკრება აუცილებელი იყო. ბევრი კითხვაა, თუ რატომ წავაგეთ შვეიცარიასთან და ირლანდიასთან, რატომ არ იყო შემადგენლობაში ესა თუ ის მოთამაშე , სხვა ბევრი საკითხიც ასახსნელია. ვალდებული ვარ, ამ საკითხებზე ვისაუბრო და იმედია, ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხი გავეცი.

ბოლო დროს ამბობთ, რომ საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს იმ მეტოქის დონის ფეხბურთელები, მაშინ რატომ გაახანგრძლივეთ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი?

– მე სხვაგვარად ვთქვი, რომ ჩვენი მოთამაშეები არ იყვნენ სასურველ ფიზიკურ კონდიციაში ამ კონკრეტულ მომენტში, შვეიცარიასთან და ირლანდიასთან თანაბრად რომ ეთამაშათ. მეტიც, ამ მდგომარეობაში გამარჯვება ერთა ლიგის ჯგუფშიც გაგვიჭირდებოდა.  ვგულისხმობ ტრავმებსა და სათამაშო კონდიციას და არა იმას, რომ ცუდი ფეხბურთელები გვყავს.

ხელშეკრულებას კი, კბილებით არ ვებღაუჭები. ლევან კობიაშვილმა მითხრა, რომ ხედავენ პროგრესს და სურთ, მუშაობა ერთად გავაგრძელოთ და მეც დავთანხმდი. პასუხისმგებლობა  კი ყველა მარცხზე ავიღე და უნდა ვეცადოთ, თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ.

ვიცი, ჩემს წინამორბედებს რა ხელფასები ჰქონდათ და საქართველოს ნაკრების ბოლო მწვრთნელებს შორის მე ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს. თუ ვიგრძნობ, რომ ჩემი ადგილი საქართველოში არ არის, ხვალვე ვიყიდი ბილეთს და წავალ.

მოსკოვის ლოკომოტივის თამაშს დავესწარი და ხვიჩა კვარაცხელიაზე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ის პერსპექტიული მოთამაშეა და ღირსეულად და თამამად ითამაშა. ასე თუ გააგრძელებს, ნაკრებში მოვიწვევ. საბა კვერკველიასაც ვაკვირდებოდი, რომელიც შესანიშნავად გამოიყურებოდა.

არაბიძე გამორჩეული ნიჭის ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ საკლუბო დონეზე სტაბილური პრაქტიკა არ გააჩნია. არადა, 20 წლისაა და უნდა თამაშობდეს. თანამედროვე ფეხბურთში მარტო შეტევა არ ფასობს, დაცვასაც უნდა დაეხმარო. სამწუხაროდ, კლუბებში პრობლემა ბევრ ფეხბურთელს აქვს. იმედია, ამ კუთხით მდგომარეობა გამოსწორდება.

საქართველოში ხშირად არ ვარ და ეროვნული ლიგის მატჩებს ყოველ ტურში არ ვესწრები, მაგრამ არის ინტერნეტი და ვცდილობ, რომ საინტერესო ფეხბურთელი მოვძებნო. მაგალითად, აკაკი შულაია მომწონს, რომელიც სწრაფი და დინამიური მოთამაშეა.

ალექსანდრე იაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

– ეროვნულ ნაკრებში ჯანსაღი ვითარებაა და ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთელები დიდი მთავარი მწვრთნელის მიმართ პატივისცემით არიან განწყობილი. არის პატარა გადაცდომები, რაც იყო თავის დროზე იგივე არაბიძის შემთხვევაში და მას შეეხო კიდეც სანქცია. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა. რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, მას ბოლომდე ვენდობით და არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ საქართველო უყვარს და ნაკრებში თამაშისთვის თავი არასოდეს აურიდებია.

ვლადიმირ ვაისი:

– ჯანო ანანიძეს პირადად ვესაუბრე, მუხლი ჰქონდა გასიებული და საეჭვო არაფერი გაუკეთებია. ჩვენ ერთსულოვნებით გავიმარჯვეთ ერთა ლიგაზე და ქართველ გულშემატკივრებს იმედი გავუჩინეთ, 2020 წლის მარტში კი, ბელარუსთან გადამწყვეტი თამაში გველის. ჩვენ ამ მატჩისთვის საუკეთესო კონდიციაში უნდა ვიყოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ.