ვლადიმირ ვაისი - გუნდში ბევრი ახალგაზრდაა და მათ შანსიც ეძლევათ
ვლადიმირ ვაისი - გუნდში ბევრი ახალგაზრდაა და მათ შანსიც ეძლევათ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კორეასა და დანიასთან მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. დანიასთან ნაჩვენები არასასურველი შედეგის შემდეგ, გვსურს, რომ კორეასთან მატჩი დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კორეის ნაკრები გასული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, გამორჩეული ფეხბურთელებიც ჰყავთ და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდში დაბრუნებულ მოთამაშეებზე ილაპარაკა.

„მოხარული ვარ, ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი რომ დაბრუნდნენ. მათ ფიზიკურ მდგომარეობას ვაკვირდებით. დაგვიბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავ სეზონს ატარებს და გოლები გააქვს – მისგან ნაკრებშიც ასეთ თამაშს ველოდებით. ასევე მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილმა სწორი გუნდი იპოვა. ვფიქრობ, ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა მომდევნო თამაშისთვის მოგვიწევს“, – აცხადებს ვლადიმირ ვაისი.

ვლადიმირ ვაისმა კორეასთან მატჩის მიზანთან ერთად, საკადრო პრობლემებიც ახსენა.

„მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიას ვუპირისპირდებით. მომავალი წლის გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. ახლა კი უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით. თუმცა, გარკვეული პრობლემები დაცვის ხაზში გვაქვს, რადგან ხოჭოლავა და კვირკველია ტრავმირებულები არიან, ბოლომდე მზად არც ლაშა დვალია და მასაც ვაკვირდებით“, – აღნიშნავს ვლადიმირ ვაისი.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი ახალწვეულებზეც გაამახვილა.

„შეკრებაზე დავითაშვილი გამოვიძახე, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ასევე კვარაცხელია, და მათთან ერთად პირველად გამოვიძახე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი – ლევან შენგელია, რომელიც კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შანსიც ეძლევათ ხოლმე. ვნახოთ, ხვალ ვინ ითამაშებს. რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაშები ნაკრებში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პასუხისმგებლობაა“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.

შეგახსენებთ, რომ კორეის (5 სექტემბერი, 17:30 საათი) და დანიის (8 სექტემბერს, 20:00 საათი) ნაკრებებთან მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.