ვლადიმერ ვაისი - ძალიან ემოციური მატჩი იყო, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ვითამაშე #1TVSPORT
ვლადიმერ ვაისი - ძალიან ემოციური მატჩი იყო, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ვითამაშე #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე დამატებით დროში ბათუმის „დინამოსთან” მოგებული (1:2) მატჩის და შემდეგ ეტაპზე გასული ბრატისლავასსლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და ბოლოს ემოციებისგან ცრემლები ვერ შეიკავა.

„ჩემთვის ეს ძალიან ემოციური მატჩი იყო, რადგან თქვენ წინააღმდეგ ვიყავი, საქართველოს წინააღმდეგ. დღეს ბათუმის „დინამო“ უკეთესი გუნდი იყო, ბურთით და მის გარეშეც კარგად თამაშობდა, კარგ შანსებსაც ქმნიდა. მაგრამ ფეხბურთი ასეა, ყოველთვის ბოლომდე სამართლიანად არ მთავრდება. ჩვენ კი ბოლომდე ვიბრძოლეთ და ამისთვის ჯილდოდ გამარჯვება დავიმსახურეთ.

საქართველო ჩემი მეორე სახლია. აქ 5 წელი ვმუშაობდი და ეს ქვეყანა მიყვარს. თქვენთვის მატჩი ცუდად დასრულდა, მაგრამ საქართველო ჩემს გულშია. ბათუმის „დინამო“ შესანიშნავად თამაშობს. მე მას ევროთასებზე წარმატებას ვუსურვებ. ასევე მახარებს, საქართველოს ნაკრები სწორ გზაზე რომ დგას.

დღეს ზურიკომ (დავითაშვილმა) საოცრად ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, მასაც დიდებული მომავალი აქვს – ყველამ კარგად ითამაშა. რაც შეეხება ლაზარე კუპატაძეს, ჩვენ ვეძებთ მეკარეს, რადგან ჩვენი ერთი გოლკიპერი დაშავებულია, ლაზარე კი კარგი მეკარეა. ბათუმის „დინამოში“ კიდევ არიან შესანიშნავი ფეხბურთელები და შეიძლება, მათ დავაკვირდეთ.

ეს არ იყო მარტივი მატჩი და ჩვენთვის ეს დიდი გამარჯვება იყო. ჩვენმა შეცვლებმა გაამართლა. მოედანზე შესულმა ფეხბურთელებმა ახალი მუხტი შემოიტანეს. ვფიქრობ, ამის შემდეგ ახალი „სლოვანი“ დაიბადება. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და კიდევ ვიმუშავებთ, რათა კარგად მოვემზადოთ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩებისთვის.

დღეს მე საკუთარ სახლში ვთამაშობდი, რადგან საქართველოში 5 წელი ვიმუშავე, რაც ცოტა არაა. ქართული ფეხბურთი და ბათუმის „დინამო“ სწორ გზაზე არიან და გისურვებთ მხოლოდ საუკეთესოს. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ“, – განაცხადა ვლადიმერ ვაისმა რომელიც საქართველოს ნაკრებს 2016-2020 წლებში წვრთნიდა.