ვლადიმირ ვაისი - ანანიძეს ნიჭი ღმერთისგან აქვს მომადლებული
ვლადიმირ ვაისი - ანანიძეს ნიჭი ღმერთისგან აქვს მომადლებული

საქართველოს ნაკრებების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა Metaratings.ru-სთან ინტერვიუში ჯანო ანანიძეზე ილაპარაკა.

„ჯანო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. ღმერთისგან დიდი ნიჭი აქვს მომადლებული. აქვს შესანიშნავი ბურთის ფლობა, ხედავს მოედანს, წარმოუდგენელი ტექნიკა გააჩნია. მაგრამ ნიჭი მრავალი ტრავმისა და მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო ვერ გამოავლინა. საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშში ის აშკარად დაგვაკლდა“, – ამბობს ვაისი.

სლოვაკმა სპეციალისტმა ანანიძის ადამიანურ თვისებებზეც ილაპარაკა:

„ჯანო კარგი ბიჭია. მაგრამ ცოტა ჩაკეტილია. ის ჭკვიანია. ანანიძე ოჯახზე ზრუნავს. მას თბილისში მშვენიერი სახლი აქვს, შვილები, კარგი ოჯახი. ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის დაწყებამდე მას დავურეკე: ან ოპერაცია ელის, ან მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდება მისი მომავალი. ვუსურვე ჯანმრთელობა და წარმატება, მანაც წარმატებები გვისურვა. სამწუხაროდ, ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით“.

ვაისი ადასტურებს, რომ ანანიძე კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს:

„ეს ასე არაა, ის დაიღალა ტრავმებით და მითხრა, რომ ევროპაში წასვლა სურდა, მისთვის ნიდერლანდებში შესაფერის კლუბსაც ვეძებდი, მაგრამ საქმე აქამდე არც მისულა. ცუდზე ფიქრი არ ღირს. ის 28 წლისაა, ჯანმრთელობას ვუსურვებ“.