ვლადიმირ ვაისი - 3:0-ზეც კი, მეტი გოლის გატანა უნდა გვინდოდეს
ვლადიმირ ვაისი - 3:0-ზეც კი, მეტი გოლის გატანა უნდა გვინდოდეს

„დინამო არენაზე“ გიბრალტართან 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოგებული მატჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მედიასთან შეაფასა. „ჯვაროსნების“ სლოვაკი მთავარი მწვრთნელი შედეგით კმაყოფილია, მაგრამ არც ის დამალა, რომ გუნდისგან უფრო შედეგიან თამაშს ელოდა.

„კარგია ეს გამარჯვება, თუმცა თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ბევრი შანსი გვქონდა და მეტის გატანა შეგვეძლო. მიკვირს, 3:0-ის შემდეგ რატომ გაჩერდნენ და რატომ არ მოინდომეს, რომ 4 ან 5 გოლი გაეტანათ. პირველი ტაიმის შემდეგ კმაყოფილი არ ვიყავი და გასახდელში ხმას ავუწიე. მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა და ზონები ცარიელი გვრჩებოდა. მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ, რაშიც დიდი როლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთლებმაც ითამაშეს, მათ შორის გიორგი პაპუნაშვილმა. მეორე ტაიმში მეტი იყო მოძრაობა, კარში დარტყმა და შესაბამისად, მეტი სახიფათო მომენტიც შევქმენით“, – ამბობს ვაისი.

მან ჯაბა კანკავას საქციელი გამოარჩია, რომელმაც პენალტის შესრულება დაავალა, მან კი ახალგაზრდა ვატო არველაძეს ეს უფლება დაუთმო და ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანის საშუალება მისცა

„დიახ, მე ჯაბას ვუთხარი, რომ დაერტყა, მაგრამ ამიტომაც, მინდა გამოვყო მისი საქციელი, რომელმაც პენალტის დარტყმის უფლება ახალგაზრდა დებიუტანტს დაუთმო. კანკავა ნამდვილი ჯენტლმენია. ახალგაზრდების – კვარაცხელიას, არველაძისა და ხარაბაძის თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, მათ მეტიც შეუძლიათ, მაგრამ დებიუტი გარკვეულ მღელვარებასაც უკავშირდება და ასეთ დროს, მაქსიმუმის გამოვლენა ძნელია. სამწუხაროდ, კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და ხვალ გვეცოდინება, დანიაში წამოვა თუ არა. მინდა შევაქო გიორგი ლორია, რომელმაც ცოცხალი კედელი კარგად დააყენა და გუნდი გადაარჩინა“, – აღნიშნა ვაისმა.

მან 10 ივლისს დანიასთან დაგეგმილ თამაშზეც ილაპარაკა, რომელთანაც საქართველოს ნაკრები ტრადიციულად, ცუდად თამაშობს.

„მატჩისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, ზოგი არაა იდეალურ ფორმაში და ამიტომ, დანიაში ცვლილებები იქნება. დღეს ძირითადში ის ფეხბურთელები დავაყენე, რომლებსაც გუნდებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება დანიასთან, რომელიც ტოპ-კლასის გუნდია. ვეცდებით, რომ იქ ფლანგებზე სწრაფად ვითამაშოთ. ჯერ არ ვიცი, რომელ ფეხბურთელებს შევარჩევ – ეს მატჩამდე დარჩენილ ვარჯიშებზე უნდა გამოჩნდეს. შესაძლოა, ძირითადში ლევან მჭედლიძე ვიხილოთ ან ისევ ვატო არველაძე. იმედია, დანიური მატჩი თავდაჯერებას შეგვმატებს. სამწუხაროდ, კვირკველია და ხოჭოლავა ტრავმირებულები არიან და დანიაში ვერ ითამაშებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ნაკრებში დაბრუნებულმა გია გრიგალავამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თამაშსაც სწორად კითხულობდა და პასებსაც კარგად ანაწილებდა“, – განაცხადა ვაისმა.