ვლადიმირ კლიჩკომ რინგზე დაბრუნება სერიოზულად განიზრახა
ვლადიმირ კლიჩკომ რინგზე დაბრუნება სერიოზულად განიზრახა

სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო მზად არის რინგზე დასაბრუნებლად. უკრაინელს სურს ლეგენდარული ჯორჯ ფორმენის რეკორდის დამხობა. ეს ამერიკელი მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი იყო. 1994 წლის ნოემბერში, 45 წლის ფორმენმა ნოკაუტში ჩააგდო იმ დროს WBA-სა და IBF-ის მოქმედი ჩემპიონი, თანამემამულე მაიკლ მურერი და ტიტული მოიპოვა.

„მე ჯერ ისევ შემიძლია ბრძოლა. ამ მომენტისთვის არაფერს გამოვრიცხავ. მაგრამ არ ვაპირებ დაბრუნებას უბრალოდ დაბრუნებისთვის. მინდა დავბრუნდე რეკორდის დასამხობად.

მხიბლავს თუ არა ეს შესაძლებლობა? დიახ, მე ვიტყოდი, რომ ეს ძალიან მაგარია. ჯორჯ ფორმენს გაუკეთებია ეს. ის 45 წლის იყო, როცა ჩემპიონი გახდა. ალბათ, საოცარი შეგრძნებაა“, – განაცხადა 43 წლის კლიჩკომ Business Insider-თან კომენტარში.

თავისი ბოლო ბრძოლა უმცროსმა კლიჩკომ პროფესიულ რინგზე 2017 წლის 29 აპრილს ჩაატარა, როცა ვადაზე ადრე დათმო შეხვედრა ენტონი ჯოშუასთან.