ვლადიმირ კლიჩკომ რინგზე დაბრუნება ახსენა
ვლადიმირ კლიჩკომ რინგზე დაბრუნება ახსენა

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ მიანიშნა, რომ განიხილავს რინგზე დაბრუნებას. მან აგრეთვე თავისი აზრი გამოთქვა მექსიკელ ენდი რუისისა და ბრიტანელ ენტონი ჯოშუას რევანშის შესახებ. 43 წლის უკრაინელის სიტყვები „ბიბისის“ (BBC) მოჰყავს:

„მეც ვყოფილვარ რინგზე და მეც წამიგია მებრძოლებთან, რომლებთანაც არ უნდა წამეგო. ვფიქრობ, ენტონის თავად გაუკვირდა, რაც რუისთან პირველ ბრძოლაში მოხდა. ნებისმიერს შეიძლება წარუმატებლობა შეემთხვას. ახლა მას სჭირდება ხასიათის გამოვლენა, ყველაფრის სხვანაირად გაკეთება და დიდი გამარჯვებით დაბრუნება. იმედია, ის ამას გააკეთებს.

დავბრუნდები თუ არა რინგზე? შემიძლია თუ არა ამის გაკეთება? არ ვიცი, არავინ არ იცის. ყოველ დილით ვვარჯიშობ და საკუთარ თავს ვატყუებ, რომ დაბრუნებას ვაპირებ. მე მათბობს ეს ტყუილი, საკუთარი თავით ვტკბები და მოტივაციას ვაძლევ ჩემს თავს ჯანსაღი ცხოვრების წესზე“.

ვლადიმირ კლიჩკომ ბოლო ბრძოლა კარიერაში 2017 წლის აპრილში ჩაატარა და სწორედ ჯოშუასთან დამარცხდა.