ვლადიმირ კლიჩკომ დაბრუნების შესახებ კიდევ ერთხელ მიანიშნა
ვლადიმირ კლიჩკომ დაბრუნების შესახებ კიდევ ერთხელ მიანიშნა

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ ლეგენდარული ჯორჯ ფორმენის შეტყობინებაზე კომენტარი გააკეთა, რითაც კვლავ მიანიშნა რინგზე სავარაუდო დაბრუნების შესახებ და ამ საკითხის განხილვის ახალი ტალღა გამოიწვია.

„1994 წელს, 45 წლის ასაკში, ჩემს კარიერაში საუკეთესო მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. შემეძლო ჩხუბი და ფიქრი, ვარჯიშებისგან სიამოვნებას ვიღებდი“, – დაწერა ფორმანმა და სწორედ ამ შეტყობინებას გამოეხმაურა კლიჩკო. ამის შემდეგ დაიწყო „ტვიტერში“ კლიჩკოს სავარაუდო დაბრუნების განხილვა.

გასული წლის დეკემბერში, პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა, რომ ვლადიმირ კლიჩკოს რინგზე დაბრუნება სურს. ბოლოჯერ უკრაინელი საქმეში 2017 წლის აპრილში ვნახეთ, როცა მან „უემბლიზე“ ტექნიკური ნოკაუტით მე-11 რაუნდში წააგო ენტონი ჯოშუასთან.

რამდენიმე დღის წინ, კლიჩკომ უარყო ინფორმაცია სავარაუდო დაბრუნების შესახებ, მაგრამ, სინამდვილეში, უარყოფა ეხებოდა მხოლოდ ინფორმაციას 13 აპრილს, დილიან უაიტთან სავარაუდო ბრძოლაზე.

მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ კლიჩკო სამი ბრძოლის ჩატარებას განიხილავს.