ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა განისაზღვროს 2 441 630 ერთეულით, მათ შორის 1 550 500 სამხედრო მოსამსახურით”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამ განკარგულებით რუსეთის ლიდერმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 15 500 ადამიანით გაზარდა.
ასეთ განკარგულებას პუტინი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ აწერს ხელს. წინა განკარგულებები მან მარტში, ივნისში და ივლისის ბოლოს გამოსცა.
რუსეთის მთავრობას დაევალა, თავდაცვის სამინისტროს ფედერალური ბიუჯეტიდან გამოუყოს თანხები, რომლებიც შეიარაღებული ძალების დადგენილი საშტატო რაოდენობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.
განკარგულებას ხელი 28 სექტემბერს მოეწერა და ის ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში.