ვლადიმერ პუტინი - დასავლელი კოლეგების აგრესიული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, მივიღებთ ადეკვატურ საპასუხო სამხედრო-ტექნიკურ ზომებს და არამეგობრულ ნაბიჯებზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ
ვლადიმერ პუტინი - დასავლელი კოლეგების აგრესიული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, მივიღებთ ადეკვატურ საპასუხო სამხედრო-ტექნიკურ ზომებს და არამეგობრულ ნაბიჯებზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება „ცივი ომის“ შემდგომი ეიფორიისა და მცდარი წარმოდგენების შედეგია.
ამის შესახებ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატების ანტირუსული პოლიტიკა „ცივ ომში“ გამარჯვების შედეგად იქნა გამოწვეული“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, კრემლი მზადაა სამხედრო-ტექნიკური ზომების მისაღებად, თუ ნატო მის საზღვრებს მიუახლოვდება.

„ჩვენი დასავლელი კოლეგების აშკარად აგრესიული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, მივიღებთ ადეკვატურ საპასუხო სამხედრო-ტექნიკურ ზომებს და არამეგობრულ ნაბიჯებზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გვაქვს სრული უფლება, რომ განვახორციელოთ ქმედებები რუსეთის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „შეიარაღებული კონფლიქტები და სისხლისღვრა მათი არჩევანი არ არის“; შესაბამისად, მათ მოვლენების ამგვარი განვითარება არ სურთ და საკითხების პოლიტიკური და დიპლომატიური გზით გადაჭრას ემხრობიან.

„მინიმუმ მკაფიო, გასაგები და გაცხადებული სამართლებრივი გარანტიები უნდა გვქონდეს. ეს არის ჩვენი წინადადებების აზრი, რომელიც ქაღალდზეა დატანილი და ბრიუსელსა და ვაშინგტონში გაიგზავნა. იმედი გვაქვს, რომ ამომწურავ პასუხს მივიღებთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, კრემლში მოუთმენლად ელოდებიან კონსტრუქციულ და შინაარსობრივ მოლაპარაკებებს თვალსაჩინოდ განსაზღვრული დროის ფარგლებში, რომელიც იქნება შედეგიანი და უზრუნველყოფს თანაბარ უსაფრთხოებას ყველასთვის.

„არის იმისი საშიშროებაც, რომ საკითხზე უშინაარსო საუბრის მცდელობა იყოს, რათა ჩვენი წინადადებები გააჭიანურონ, მიღებული პაუზის გამოყენებით კი, ისარგებლონ და გააკეთონ ის, რაც სურთ. მოვლენების ამგვარი განვითარება ჩვენ რა თქმა უნდა არ გამოგვადგება. მსოფლიოში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარება რჩება მძიმე – კონფლიქტების პოტენციალი მთელ რიგ რეგიონებშია გაზრდილი და დაძაბულობის ახალი კერები გაჩნდა“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, კრემლი უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამის ელემენტები რუსეთის ფედერაციის საზღვრებთანაა განლაგებული.