ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მიერ სირიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას სკეპტიკურად უყურებს
ვლადიმერ პუტინი აშშ-ის მიერ სირიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას სკეპტიკურად უყურებს

ვლადიმერ პუტინი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას სკეპტიკურად უყურებს. აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსგავსი განცხადებები აქამდეც გაუკეთებია. კრემლის ლიდერმა მაგალითად ავღანეთი დაასახელა, სადაც ამერიკელი სამხედროები ამ დრომდე იმყოფებიან.

„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში უკვე 17 წელია იმყოფებიან. ისინი თითქმის ყოველ წელს ამბობენ, რომ ქვეყნიდან სამხედრო კონტინგენტს გაიყვანენ, თუმცა ამ დრომდე ქვეყანაში რჩებიან“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

ვლადიმერ პუტინმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროების ყოფნა სირიაში აუცილებელი არ არის. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არალეგიტიმურია. ამასთან, კრემლის ლიდერის განმარტებით, რუსები სირიაში ქვეყნის ოფიციალური მთავრობის მიწვევით იმყოფებიან.

რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მოსაზრებას სირიაში ისლამური სახელმწიფოს დამარცხებასთან დაკავშირებით იზიარებს. ვლადიმერ პუტინის თქმით, ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილში ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.