ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის, რაკეტები აშშ-საც დაუმიზნოს
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის, რაკეტები აშშ-საც დაუმიზნოს

რუსეთი მზად არის, რაკეტები აშშ-საც დაუმიზნოს. ასეთი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციულ საბჭოში ყოველწლიური გამოსვლის დროს გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საფრთხის შემთხვევაში, მოსკოვი მზად არის, რაკეტები არა მხოლოდ იმ ქვეყნებს დაუმიზნოს, სადაც აშშ საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედ რაკეტებს განათავსებს, არამედ ამერიკისკენაც მიმართოს.

„თუ აშშ განათავსებს რაკეტებს ევროპის კონტინენტზე, რა გეგმებიც აშშ-ს აქვს და ამის საწინააღმდეგო განცხადებები არ მოგვისმენია, მაშინ ეს საერთაშორისო უსაფრთხოების სიტუაციას მკვეთრად დაძაბავს და რუსეთს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, რადგან ზოგიერთი კლასიფიკაციის რაკეტა მოსკოვამდე 10-12 წუთში მიაღწევს. ამიტომ, რუსეთი იძულებული იქნება, ასიმეტრიული ზომები მიიღოს. რუსეთი მზად არის მიმართოს რაკეტები არა მხოლოდ იმ ტერიტორიებისკენ, საიდანაც რუსეთს საფრთხე დაემუქრება, არამედ სამიზნე ის ტერიტორიებიც იქნება, სადაც გადაწყვეტილების მიღების ცენტრები მდებარეობს“, – განცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამავე გამოსვლაში პუტინმა მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების შესახებ შეთანხმების დარღვევაში აშშ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„აშშ-ის მხრიდან რუმინეთსა და პოლონეთში, „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გამშვები სისტემების განთავსება, საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების აკრძალვის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევაა“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის ურთიერთობას რუსეთთან რთულად შეიძლება ეწოდოს მეგობრული. მისივე თქმით, რუსეთს არავისთან სურს დაპირისპირება და ყველა მისი ნაბიჯი, რომელიც სამხედრო პოტენციალის ამაღლებას ითვალისწინებს, თავდაცვით მიზანს ემსახურება.

დატოვე კომენტარი