ვლადიმერ მამუჩაშვილი „ტორპედოს“ ახალი კაპიტანია – ვეცდები, ღირსეულად ვატარო ეს სამკლავური #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა „ორდაბასთან“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრამდე ახალ კაპიტანად ვლადიმერ მამუჩაშვილი დაასახელა, რომელმაც გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ყაზახებთან მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც ისაუბრა.
„გუნდი „ორდაბასთან“ მატჩისთვის მზადაა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ, ჩვენი თამაში ჯერ ბოლომდე გამართული არ არის და შეთამაშებისთვის დრო გვჭირდება. პირველ თამაშს ქუთაისში ვატარებთ და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. შევეცდებით, დამაჯერებლად გავიმარჯვოთ.
„ტორპედოში“ თამაში და ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – მადლობა ასეთი ნდობისთვის. ვეცდები, ღირსეულად ვატარო ეს სამკლავური და თავი გავართვა იმ მოვალეობას, რასაც „ტორპედოს“ ფეხბურთელობა და კაპიტნობა ჰქვია“, – განაცხადა ვლადიმერ მამუჩაშვილმა.
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსა“ და ყაზახური „ორდაბასის“ პირველი შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 10 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.