ვლადიმერ კონსტანტინიდი - საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს
ვლადიმერ კონსტანტინიდი - საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოვლად მიუღებელია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერჯერობით კვლავ რჩება საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას ჰუმანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყველა მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ქართველი ექიმის გათავისუფლება. მოგეხსენებათ, ჩვენ პირველივე დღიდანვე აქტიურად ვიყენებთ ყველა შესაძლო პლატფორმას, დონეს, შესაძლებლობას იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბოლო პერიოდში მაღალ და უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრები, მათ შორის ჟენევის ფორმატში, სადაც უმთავრესი საკითხი სწორედ დაეთმო ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.