ვლადიმერ კონსტანტინიდი - ფრანკოფონიის ქვეყნების სამიტს 84 ქვეყანა დაესწრო და მათი მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია
ვლადიმერ კონსტანტინიდი - ფრანკოფონიის ქვეყნების სამიტს 84 ქვეყანა დაესწრო და მათი მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია

ფრანკოფონიის ქვეყნების სამიტს 84 ქვეყანა დაესწრო და მათი მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

„მინდა, გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან სამიტს და რეზოლუციას, რომელიც მიიღეს ერევანში, ფრანკოფონიის ქვეყნების სამიტზე, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო მაღალ დონეზე, იუსტიციის მინისტრის დონეზე. მას სამიტის ფარგლებში ასევე საშუალება ჰქონდა, ორმხრივი შეხვედრები გაემართა რიგ ქვეყნებთან, ძირითადად, ჩვენი აქცენტები კეთდება აფრიკულ ქვეყნებზე, სადაც არაღიარების კუთხით გარკვეული გამოწვევები დღესაც არსებობს.

ამ შეხვედრებზე ხაზი გაესვა ჩვენი არაღიარების პოლიტიკისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს და საბოლოო ჯამში, ეს აისახა რეზოლუციაში, რომელიც სამიტმა მიიღო. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, იმ მხრივ, რომ ეს არის საკმაოდ დიდი სივრცე. ფრანკოფონიის ქვეყნების სამიტს 84 ქვეყანა დაესწრო და შესაბამისად, ეს მეტყველებს უკვე მის მნიშვნელობასა და გავლენაზე ჩვენს სასარგებლოდ“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტზე წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატეს.