ვლადიმერ კონსტანტინიდი - ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადების დადებითად გადაწყვეტის პროცენტულობა წლიდან წლამდე იკლებს
ვლადიმერ კონსტანტინიდი - ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადების დადებითად გადაწყვეტის პროცენტულობა წლიდან წლამდე იკლებს

ევროპაში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადების დადებითად გადაწყვეტის პროცენტულობა წლიდან წლამდე იკლებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა​ საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების თემის კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, ქალაქ მონპელიეში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით კარვებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მათი წარმომადგენელი შეხვდა და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ რისკები შესახებ, რომელიც ამ პროცესს უკავშირდება.

„მონპელიეში ჩვენი წარმომადგენელი ჩავიდა და მოინახულა ეს ადამიანები, დაათვალიერა მათი საცხოვრებელი პირობები. მოხდა ინფორმაციის გაცვლა. მათ მიეწოდათ კვალიფიციური ინფორმაცია კითხვებზე, მათ შორის თავშესაფრის მაძიებლობის შესახებ განცხადებაზე და იმ პერსპექტივებსა და რისკებზე, რასთანაც ეს პროცესია დაკავშირებული. სამწუხაროდ, ბევრმა მოქალაქემ არ იცოდა და სტერეოტიპული წარმოდგენებით ხელმძღვანელობდა, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლებას მიმართავდა.

ბევრი მათგანი აცხადებს, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო და სოციალური ხასიათის წინაპირობების გამო იყვნენ საფრანგეთში. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკურ თავშესაფრის მოთხოვნა განიხილება, ეს მიზეზები არ შეიძლება გახდეს მათთვის რაიმე სტატუსის მინიჭების პირდაპირი საფუძველი. იქ დაახლოებით 21 კარავია, სადაც 100-მდე ჩვენი მოქალაქეა განთავსებული. მათ ადგილობრივ პრეფექტურაში პოლიტიკურ თავშესაფარზე მოთხოვნა აქვთ შეტანილი და გადაწყვეტილების მიღებას ელოდებიან. ვისი განაცხადიც დაკმაყოფილდება, ბუნებრივია, დარჩება და გარკვეულ სტატუსს მიიღებს. ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება. ვისი განაცხადიც არ დაკმაყოფილდება, მათ საფრანგეთის ხელისუფლება მისცემს მითითებას, დატოვონ ქვეყანა“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მან საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყურადღებით გაეცნონ მოცემულობას და შესაბამისად იმოქმედონ. უწყებაში აცხადებენ, რომ უშუალოდ საფრანგეთის ხელისუფლებას გასულ წელს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოდან ხუთი ათასჯერ მიმართეს, აქედან კი დადებითად მხოლოდ 290 მიმართვა დაკმაყოფილდა.

კონსტანტინიდი საუბრობს საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომელთა მიხედვითაც იმ პირთა კრიმინალიზება მოხდება, ვინც ქვეყნიდან მოქალაქეების არამართლზომიერად გაყვანას უწევს ორგანიზებას.

„იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ქვეყნდება და რასაც ევროპის ქვეყნებიც აქვეყნებენ, მინდა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ყურადღებით გაეცნონ ამ მონაცემებს. პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადების დადებითად გადაწყვეტის პროცენტულობა წლიდან წლამდე იკლებს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება განაცხადების რაოდენობა იმატებდეს. პრაქტიკულად, ერთეულების შემთხვევაში ხდება დადებითი გადაწყვეტილების მიღება. ნუ იხელმძღვანელებენ სტერეოტიპული წარმოდგენებით, მით უმეტეს, არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც ადამიანებს აქეზებენ, ცდილობენ, ამით რაიმე სარგებელი მიიღონ. იცით, რომ პარლამენტმა იმსჯელა ამ საკითხზე და ასეთი ქმედება უკვე კანონმდებლობით დასჯადი გახდება“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საქართველოს საგარეო უწყების 2018 წლის მონაცემებით, თავშესაფრის მოთხოვნის პირველადი განაცხადების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 128%-ით, 2017 წელთან შედარებით კი 66%-ით გაიზარდა, რამაც ჯამში 20 140 შეადგინა. უწყების ცნობით, აქედან საბოლოო გადაწყვეტილება 14 395 განაცხადზე მიიღეს, რომელთაგან დადებითად მხოლოდ 695 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საქართველო უსაფრთხო ქვეყანად ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული.

დატოვე კომენტარი