ვლადიმერ გუცაევი - საქართველოს ნაკრებში კარგი თაობაა და არანაკლებ საინტერესო ფეხბურთელები მოდიან #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა კომენტარი გააკეთა 21-წლამდელი „ჯვაროსნების“ წარმატებაზე, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.
„პლეი ოფის თამაში რომ არ გვენახა, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ გაგვიმართლა, მაგრამ ხორვატიათან მართლაც დიდებული თამაში ვაჩვენეთ. ხორვატების ეროვნული ნაკრები ძლიერი გუნდია. 21-წლამდელთა გუნდიც ძლიერი იყო, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჩვენც არანაკლები ნაკრები გვყავს.
საქართველოს წინა 21-წლამდელთა ნაკრებშიც შესანიშნავი ახალგაზრდები იყვნენ და ახლაც კარგი ბიჭები არიან. ვფიქრობ, უახლოესი 10 წელი ქართულ ფეხბურთში აღმავლობა იქნება, რადგან ეროვნულ ნაკრებში კარგი თაობაა და არანაკლებ საინტერესო ფეხბურთელები მოდიან.
გადავხედე, ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს, ძლიერი გუნდები არიან, განსაკუთრებით, პირველ და მეორე კალათაში – ესპანეთი, ინგლისი, იტალია. ბევრი მათგანი ფინალურ ეტაპზე, ფაქტობრივად, მუდმივად მონაწილეობს“, – განაცხადა გუცაევმა.