ვლადიმერ გუცაევი - „ლოკომოტივის“ გამარჯვება დიდად არ გამკვირვებია
ვლადიმერ გუცაევი - „ლოკომოტივის“ გამარჯვება დიდად არ გამკვირვებია

ვლადიმერ გუცაევმა ევროთასებზე ქართული გუნდების გამოსვლა პირველ არხთან შეაჯამა – ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტისთანაწამყვანმა თბილისის „ლოკომოტივი“ გამოარჩია:

– ზოგადად რომ შევაფასოთ, ქართული გუნდების ევროსარბიელზე გამოსვლას არადამაკმაყოფილებლად შევაფასებ, რადგან „ლოკომოტივი“ რომ არ ყოფილიყო, ფაქტობრივად, ჩავარდნა გვქონდა. ჩემპიონთა ლიგიდან „დინამო“ გამოვარდა და ევროპალიგაზე გადავიდა. „ლოკომოტივმა“ ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი საქმე გააკეთა, რადგან საშუალო ევროპული დონის ორი კლუბი გათამაშებიდან გამოაგდო, რაც ძალიან კარგია. ბიჭებს ახლა დიდ სტიმული გაუჩნდათ, რომ მეტი იმუშაონ და მესამე ეტაპზეც წარმატებით იბრძოლონ.

– რა დასამალია – „ლოკომოტივის“ გამარჯვება დიდი სენსაცია გამოდგა.

– მესმის, რომ ბევრისთვის ასეა. მაგრამ მე რუსულ ფეხბურთში მიმუშავია, დავდიოდი მოსკოვის „დინამოს“ თამაშებზე, ახლაც ბევრი რამ ვიცი და სიმართლე გითხრათ, „ლოკომოტივის“ გამარჯვება დიდად არ გამკვირვებია.

– რატომ?

– ბოლო 15 წელია, კლუბს სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია. სხვათა შორის, ყველაზე დიდი ბიუჯეტი 110 მილიონი ევრო რომ ჰქონდა, პირველ ლიგაში სწორედ მაშინ გავარდა. პარადოქსია, არა? შესაძლოა, ჩვენ გვგონია, რომ მოსკოვის „დინამო“ ისეთივე ბრენდია, როგორც საბჭოთა პერიოდის დროს, როდესაც 11-ჯერ გახდა ჩემპიონი. მაგრამ თამაშამდე რომ მეკითხებოდნენ, ვთქვი, შანსები 50/50-ზე არის-მეთქი. „ლოკომოტივმა“ რუმინულ „უნივერსიტატეასთან“კარგი ფეხბურთი აჩვენა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში. გუნდმა ყველა თავისი კოზირი გამოიყენა, დაცვაში საიმედოდ ითამაშა. ლოკომოტიველებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ შეტევაში თამაში შეუძლიათ – მათ საამისოდ საჭირო მოთამაშეები ჰყავთ, სწრაფია თორნიკე კირკიტაძე, მოედნის ცენტრში ჭკვიანურად თამაშობს დავით სამურკასოვი, თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე, რომელსაც გატანის ნიჭი აქვს… საერთოდ, ამ გუნდში ის მომეწონა, რომ ერთი შეხებით ბევრად უფრო კვალიფიციურად თამაშობდნენ, ვიდრე მოსკოვის „დინამოს“ მოთამაშეები.

– მოსკოველებს შედეგი ვერც პრესინგმა მოუტანა.

– ეგონათ, რომ ამით „ლოკომოტივს“ დააბნევდნენ, მაგრამ პრესინგსაც ცოდნა უნდა და მეორეც – შესაბამისი კვალიფიკაციის ფეხბურთელები გჭირდება, რომ ეს პრესინგი შეძლო. ეს ადვილი არაა, რადგან ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, სად იმოძრაოს, სად გაიქცეს, რომელი მეტოქე აიყვანოს და ბურთს თუ წაართმევს, მერე რა ქნას და თამაში როგორ გააგრძელოს. მოსკოვის „დინამოს“ კი შესაბამისი დონის პლეიმეიკერი და არ აღმოაჩნდა, ბურთი კარგად რომ გაეთამაშებინა. სწრაფი კონტრშეტევები ამიტომ ვერ გაითამაშა. თუ გახსოვთ, 0:2-ს აგებდნენ და შეტევაში წასულმა თავდამსხმელმა ბურთი 60 მეტრიდან მეკარეს დაუბრუნა. აქედანაც ჩანდა, რომ „დინამოს“ პრობლემები ჰქონდა.

– თუმცა, ეს გუნდი უკეთეს ჩემპიონატში გამოდის, სადაც მონაწილეობაც გუნდის კლასის აწევის წინაპირობაა.

– გასაგებია, მაგრამ მოსკოვის „დინამოს“ დამარცხება რეალური იყო. მეტოქეს ლეგიონერებიც ჰყავს, მაგრამ რეალურად რაც ვნახე, კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვეს.

– თბილისის „დინამოზე“ რას იტყვით?

– სამწუხაროდ, ეს მატჩი „ლოკომოტივის“ თამაშის პარალელურად მიმდინარეობდა და მხოლოდ ფრაგმენტები ვნახე. კარგია, რომ ალბანელებთან წაგების შემდეგ გუნდმა სტუმრად მოიგო. ეს დინამოელებს ფსიქოლოგიურად ძალიან სჭირდებოდათ.

– მესამე ეტაპზე ჩვენი გუნდების შანსებზე რას იტყვით?

– „ლოკომოტივის“ მეტოქე „გრანადა“ ესპანურ გრანდებში არაა, მაგრამ უძლიერეს ლიგაში თამაშობს და საერთო დონე ყველა კლუბზე გავლენას ახდენს. იმედია, ბიჭები კარგად მოემზადებიან და ესპანელებსაც შეებრძოლებიან. „დინამოს“ მეტოქე გუნდი ფარერის კუნძულების ჩემპიონია. ჩვენს გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს და იმედი მაქვს, რომ წინ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს და შემდეგ შეხვედრასაც მოიგებს.