ვლადიმერ გუცაევი - ჩემი აზრით, ხვიჩას პენალტი არ უნდა დაერტყა #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - ჩემი აზრით, ხვიჩას პენალტი არ უნდა დაერტყა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა კომენტარი გააკეთა თემაზე, უნდა დაერტყა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი „მილანთან“ გადამწყვეტ მომენტში და მაგალითებიც მოიყვანა, როგორ ხდებოდა ეს ნოდარ ახალკაცის დროინდელ „დინამოში“.

„პენალტს ვინ დაარტყამს, ამაზე სხვადასხვა მიდგომაა. ზოგიერთ გუნდში წინასწარ არის განსაზღვრული, ვინ დაარტყამს, და თუ მთავარი პენალტისტი ფორმაშია არაა, ვინ შეცვლის, მაგრამ არის განსხვავებული მიდგომაც.

მაგალითად, ნოდარ ახალკაცი არასოდეს ამბობდა, ვის უნდა დაერტყა – დათოს, ვოვას, პეტრეს თუ პავლეს. მოედანზე რომ გამოვდიოდით, იქ ჩანდა, საამისოდ მზად ვინ იყო. თუმცა, ტრადიციაც გვქონდა – თუ ერთხელ ვერ გაიტანდი, შემდეგ სხვა ასრულებდა, რადგან ის იმ კონკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაში იყო. შენი რიგი ხელახლა მაშინ მოვიდოდა, თუ სხვებიც გააფუჭებდნენ. ხვიჩამ „აინტრახტთან“ სერიოზულ შეხვედრაში პენალტი ვერ გამოიყენა და ამიტომ მეც მგონია, რომ არ უნდა დაერტყა – თუ, რა თქმა უნდა, სპალეტის დავალება არ იყო“,  – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.

კახი გოგიჩაიშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი:

„როცა არ არტყამდა, მაშინ ვბრაზობდით, რატომ არ აძლევენ უფლებასო, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთ მომენტში უფრო გამოცდილ მოთამაშეს უნდა დაერტყა“.

ვასილ მაისურაძე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„უნდა დაერტყა თუ არა ხვიჩას პენალტი? ამას მწვრთნელი ავალებს, მაგრამ გამოცდილებაც სჭირდება. მით უმეტეს, ასეთ დროს“.