ვლადიმერ გუცაევი - ახალკაცი იმსახურებს, „დინამო-არენაზე“ ძეგლი რომ დაუდგან
ვლადიმერ გუცაევი - ახალკაცი იმსახურებს, „დინამო-არენაზე“ ძეგლი რომ დაუდგან

ვლადიმერ გუცაევის აზრით, ნოდარ ახალკაცი იმსახურებს, რომ თბილისში, „დინამო-არენაზე“ ძეგლი დაუდგან – ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტისთანაწამყვანმა მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველი მწვრთნელის საქმიანობა გაიხსენა:

„თბილისის „დინამოში“ მწვრთნელი მსოფლიო დონის სპეციალისტი, ნოდარ ახალკაცი გვყავდა. მან შექმნა ლეგენდარული გუნდი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის, არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლუის მენოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდად მონათლა. როდესაც ასეთი დონის სპეციალისტი ამას იტყვის, ეს ბევრს ნიშნავს. ბევრი კამათობს, მართლა ასეთი ძლიერი მწვრთნელი იყო თუ კარგი თაობა შეხვდა. მე მაგალითებს ჩამოვთვლი – ახალკაცმა დაინახა დიდ პოტენციალი ახალგაზრდა გაბელიაში, კოსტავაში, სვანაძესა და სულაქველიძეში. ჩივაძე ნახევარმცველი იყო და უკან დახია და ევროპას გააცნო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. ყიფიანი „დინამოში“ დაიწუნეს და ახალკაცმა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი იყო, თავისთან წაიყვანა და საქართველოს არ დაუკარგა. დათო თავდამსხმელი იყო და 10 ნომერზე დააყენა. ჩელებაძე რომ ჩამოიყვანა, ახალკაცს დასცინოდნენ, მაგრამ რეზო მალე „ჩელე-პელე“ გახდა, კაცს „მარაკანაზე“ ბრაზილიასთან აქვს ნათამაშები. ოთარ გაბელიას კლასიკური მეკარის გაბარიტები არ ჰქონია. დღეს მეკარე 190 სმ თუ არაა, გუნდში არ იღებენ. ოთარი 177 სმ იყო, მაგრამ ისეთი გენიოსი გახლდათ, 1979 წელს საქართველოს საბჭოთა კავშირის თასი პირადად აჩუქა – ვალერი გაზაევს პენალტი აუღო და დიდი საქმე გააკეთა. კარგად მახსოვს, მაშინ პირჯვარი რომ გამოისახა, რაც მთელმა საბჭოთა კავშირმა იხილა“ – ამბობს ვლადიმირ გუცაევი.

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელის თქმით, ახალკაცს ცნობილ უკრაინელ სპეციალისტ ვალერი ლობანოვსკიზე ბევრად მწირი არჩევანი ჰქონდა:

„კიევის „დინამოს“ დაკომპლექტება გაცილებით ადვილი იყო, უკრაინას საბჭოთა ჩემპიონატში 5-7 გუნდი ჰყავდა და ლობანოვსკი სასურველ მოთამაშეს იოლად არჩევდა. ახალკაცს კი ფეხბურთელები მოჰყავდა აფხაზეთიდან, ქუთაისიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან… თანაც, ბავშვებს იწვევდა, ნელ-ნელა რომ გაეზარდა. სამწუხაროდ, ახალკაცის მხოლოდ ერთი ბიუსტია საქართელოში, მე-9 სკოლაში, სადაც ის წავლობდა. კიევის სტადიონზე კი ლობანოვსკის იმხელა ძეგლი დაუდგეს, რომლის სიმაღლეც ძირიდან 5 მეტრს აღწევს. იქნებ ვინმემ ითავოს და „დინამო-არენაზე“ძეგლი დავუდგათ ადამიანს, რომელმაც ასეთი პატივის ღირსია. სტადიონზე შემოსულმა ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ პატივს ვცემთ პიროვნებას, რომელმაც ქართულ ფეხბურთში მთელი ეპოქა შექმნა“.

ბოლოს ვლადიმერ გუცაევმა მაყურებელს მიმართა:

„გადაცემაში ყველა პლეადის ფეხბურთელის მოწვევა გვსურს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივრის აზრი, გადაცემაში ვისი ხილვა სურთ. მაგალითად, კახა კალაძემ „მილანში“ უდიდეს წარმატებებს მიაღწია. დღეს კახას დაბადების დღეა და ვულოცავთ. ბევრი საინტერესო ფეხბურთელია და მოგვწერეთ საქართველოს პირველი არხის ფეისბუქის გვერდზე, ვის ხილვას ისურვებდით“.