ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ვლადიკავკაზში, ჰიდრომეტალურგიულ ქარხანაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მეხანძრეა. ის ქარხნის სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

ცეცხლი ქარხანა „ელექტროცინკში“ გუშინ ღამით გაჩნდა და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. არსებობდა აფეთქების საფრთხეც.

ხანძარი თავდაპირველად 500 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული, მოგვიანებით კი 4500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

ხანძრის ჩაქრობას 18 მეხანძრე ცდილობს. მობილიზებულია 50 ერთეული ტექნიკა. ყაბარდო-ბალყარეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში გაგზავნეს სახანძრო მატარებელიც.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, ამ ეტაპზე ცეცხლი ქალაქს და მოსახლეობას არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, ქალაქში პანიკა შეინიშნება. მოქალაქეებს მოუწოდებენ, ფანჯრები დახურონ.