„ვიტესი“ ეგოიანთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს ერედივიზიონშიც იწვევენ #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევ ნახევარმცველს, ირაკლი ეგოიანს „ვიტესი“ თანამშრომლობის გაგრძელებას სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელს სხვა შეთავაზებებიც აქვს – ინფორმაციას გამოცემა Gelderlander-ი ავრცელებს.
„არნემის „ვიტესს“ ირაკლი ეგოიანთან თანამშრომლობის 2028 წლამდე გახანგრძლივება სურს. ფეხბურთელი „ვიტესში“ გასულ ზაფხულს „ტვენტედან“ გადავიდა. შემტევმა ნახევარმცველმა ნიდერლანდების პირველ დივიზიონში რვა გოლი გაიტანა და, ალექსანდრ ბიუტნერთან ერთად, კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა“, – წერს ნიდერლანდური გამოცემა.
Gegen pres-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეგოიანის შეძენით ნიდერლანდების ერედივიზიონის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ირაკლი ეგოიანმა სეზონში რვა გოლი გაიტანა, ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა და „ვიტესის“ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას სურდა, რომ ეგოიანი სომხეთის ნაკრებში მიეწვია, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო და ევრო 2025-ზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს.