ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარი“ – არჩევნების ჩატარება არ შეიძლება აქტიური სამხედრო ოპერაციების დროს, არჩევნებმა არ უნდა დაასუსტოს უკრაინა, არამედ უნდა გააძლიეროს იგი

20:30, 19.08.2026

არჩევნები არ შეიძლება, მორგებული იყოს მთავრობის ან ოპოზიციის მოწონების რეიტინგზე, ისინი უნდა განისაზღვროს უსაფრთხოების ვითარებით და ყველა მოქალაქის თავისუფალი არჩევანის უფლებით, – ამის შესახებ განცხადებას ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარი“ ავრცელებს, რითაც ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შესახებ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის მოწოდებას ეხმაურება.

პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია ყველა უკრაინელისთვის საარჩევნო პროცესზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კერძოდ, ეს ეხება ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს, ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს, ფრონტის ხაზზე მყოფ თემებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს.

„ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: არჩევნების ჩატარება არ შეიძლება აქტიური სამხედრო ოპერაციების დროს. ხუთი წელია, არჩევნების თემა პერიოდულად ბრუნდება საზოგადოების დღის წესრიგში. ძალიან ხშირად ეს ხდება ახალი მოწონების რეიტინგების, პოლიტიკური გათვლებისა და ყველაზე შესაფერისი მომენტის დადგენის მცდელობების ფონზე. ეს ასე არ შეიძლება იყოს. არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება არ შეიძლება, მიღებულ იქნას გამოკითხვების მონიტორინგით და არც მოქმედი მთავრობისთვის და არც რომელიმე პოტენციური კანდიდატისთვის შესაფერისი მომენტის არჩევით. არჩევნებმა არ უნდა დაასუსტოს უკრაინა, არამედ უნდა გააძლიეროს იგი“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

გარდა ამისა, პარტია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქტიური საომარი მოქმედებების დროს არჩევნების ჩატარება მტრის ცეცხლის სამიზნედ აქცევს საარჩევნო უბნებს, საჯარო ღონისძიებების ადგილებსა და კანდიდატების ოფისებს.

„უსაფრთხოების რისკების იგნორირება ასევე არ შეიძლება. საარჩევნო უბნები, პარტიის ოფისები და საჯარო ღონისძიებები შეიძლება, რუსული თავდასხმების სამიზნედ იქცეს. მტერი დამატებით შესაძლებლობებს მიიღებს საინფორმაციო ოპერაციებისთვის, კიბერშეტევებისთვის, დეზინფორმაციის გავრცელებისა და არჩევნების შედეგებისადმი ნდობის შელახვისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი უკრაინაში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.

ფედოროვის თქმით, უკრაინამ უნდა იპოვოს კანონიერი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესის განახლების საშუალებას მისცემს, თუნდაც გაჭიანურებული ომის პირობებში.

მიხაილო ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივლისში გაათავისუფლა. ფედოროვის გადაყენებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.

მსგავსი