ვიტალი ჟუკოვსკი - ბათუმის „დინამოსთან“ დაცვაში ჩაჯდომას და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს არ ვაპირებთ #1TVSPORT
ვიტალი ჟუკოვსკი - ბათუმის „დინამოსთან“ დაცვაში ჩაჯდომას და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს არ ვაპირებთ #1TVSPORT

ბატეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ვიტალი ჟუკოვსკიმ ბათუმის „დინამოსთან“ მომავალი მატჩის შესახებ ილაპარაკა. ბელარუსის ვიცე-ჩემპიონის თავკაცმა კონფერენციის ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე ეტაპის განმეორებით მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი აქვს:

ბატე ერთადერთი ბელორუსული კლუბია, რომელიც ევროპის თასის მატჩს სახლში გამართავს. ეს თქვენს შანსებს ზრდის?

შანსებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ. ველოდებით მხარდაჭერას. მე სხვების ნაცვლად არ ვილაპარაკებ, შესაძლოა ვიღაცას გასვლაზე თამაში მოსწონს, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლში ვითამაშებთ.

„დინამოს“ გასასვლელად მოგება სჭირდება. თქვენი მოწინააღმდეგისგან უფრო შეტევით თამაშს ელით?

ეს თავისთავად შემტევი გუნდია. მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. თუ საშუალებას მივცემთ, მოწინააღმდეგე ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ჩვენ დაცვაში ჩაჯდომას და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს არ ვაპირებთ.

რამდენად გადამწყვეტია ეს მატჩი კლუბისთვის ფინანსური თვალსაზრისით? განიხილეთ ეს მენეჯმენტთან?

არა, ასეთ საკითხებზე არ ვსაუბრობთ. ყველას ესმის, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა – კლუბის იმიჯი, ფინანსური კომპონენტი, მთლიანობაში განიხილება. თუ ევროსარბიელზე თამაშობ, შეგიძლიათ უფრო ხარისხიანი ტრანსფერები განახორციელო. ბევრი ნიუანსია. ევროთასები არ არის მხოლოდ ფული, ის ასევე არის კლუბის და ქვეყნის პრესტიჟი.

იქნებ, ახსნათ მაქსიმ სკავიშის (გუნდის მთავარი ბომბარდირი) წასვლა? ნანობთ, რომ ევროთასებამდე გაუშვებთ?

ის ბავშვი არ არის, სკოლაში რომ არ გავუშვა. ეს ყველას მშვენივრად ესმის. დიახ, ის ჩვენი საკვანძო მოთამაშე იყო. ახლა გადაწყობა დავიწყეთ.

იუსოვი მისი სრულფასოვანი შემცვლელია?

ის სკავიშის შემცვლელი არაა, უფრო სიღრმიდან სათამაშოდ გვჭირდება. დიდი ხანია ვამბობდით, რომ პრობლემები გვქონდა და ტრავმირებულები გვყავდა. ჩვენ შემადგენლობაში უფრო მეტი ვარირება გვჭირდება.

ბორდაჩოვის დამატებით გაძლიერდით?

ამ რთულ დროს გუნდს ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი სჭირდებოდა, როდესაც ბევრი ტრავმაა და ტრანსფერების განხორციელება რთულია. მე ამ ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი ვარ.

შეგახსენებთ, რომ ბატესა და ბათუმის „დინამოს“ პირველი შეხვედრა ბორისოვის კლუბის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი „ბორისოვო-არენაზე“ 29 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება.