„ვიტ ჯორჯიამ“ პირველი სპარინგი წააგო - შეხვედრა პოლონელთა უხეშობის გამო შეჩერდა [ვიდეო]
„ვიტ ჯორჯიამ“ პირველი სპარინგი წააგო - შეხვედრა პოლონელთა უხეშობის გამო შეჩერდა [ვიდეო]

„ვიტ ჯორჯიამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო შეხვედრა პოლონურ გუნდთან გამართა. ვეტერინარები სიდეში, სასტუმრო „სთარლაითის“ (Starlight) საფეხბურთო მოედანზე პოლონეთის პირველი ლიგის ზამთრის ჩემპიონთან, „რაკოვთან“ დამარცხდნენ.

პირველი ტაიმში სახიფათო მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ შემტევებს სიზუსტე დააკლდათ. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის დებიუტში, 49-ე წუთზე „რაკოვი“ დაწინაურდა, გოლი სადაო ეპიზოდის შემდეგ მატეუშ ზახარამ გაიტანა – 0:1. 68-ე წუთზე, ტომაშ პეტრაშეკმა თავური დარტყმით სხვაობა გაზარდა – 0:2. „ვეტერინარებმა“ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს. 77-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმით გოლი ნოდარ კიკნაველიძემ გაიტანა – 1:2.

„ვიტ ჯორჯიელებს“ ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, 85-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, პოლონელები ვანო კურდღელაშვილის დარტყმის შემდეგ ასევე მეკარემ გადაარჩინა. „რაკოვის“ ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობობდნენ, რაც თამაშზეც აისახა და მატჩის მიწურულს პოლონელი ფეხბურთელის ზღვარგადასულ ქმედებას კონფლიქტიც მოჰყვა, მსაჯმა შეხვედრა ვადაზე ადრე, 88-ე წუთზე დაასრულა.

ვიტ ჯორჯია 1:2 რაკოვი

გოლები: 0:1 ზახარა (49′), 0:2 პეტრაშეკი (68′), 1:2 კიკნაველიძე (77′)

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 65), ლაცაბიძე (კიკნაველიძე 59), გეთიაშვილი (სეხნიაშვილი 46), ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (მაისურაძე 65), ღუდუშაური (მუსელიანი 65), ღირდალაძე (კურდღელაშვილი 65), ვასაძე (ზარიძე 65), ჩიტიშვილი, საჯაია (გაფრინდაშვილი 65), კაკაშვილი (ვაზაგაშვილი 65)

„ვიტ ჯორჯია“ თურქულ შეკრებაზე მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს. მეტოქე ბოსნიური „სარაევო“ იქნება, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი პირველ პოზიციაზე დაასრულა.