„ვიტ-ჯორჯიამ“ „კოლხეთი 1913“-თან პლეი ოფი მოგებით დაიწყო
„ვიტ-ჯორჯიამ“ „კოლხეთი 1913“-თან პლეი ოფი მოგებით დაიწყო

ეროვნული ლიგა 2-ის ფლეი ოფის პირველი შეხვედრა თბილისის „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართა – „ვიტ-ჯორჯიამ“ ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

„კოლხეთის“ ხელმძღვანელობას უმნიშვნელოვანეს მატჩში ოპტიმალური შემადგენლობის დაყენების საშუალება არ მიეცა. ფოთელებს სერიოზული პრობლემები პანდემიის გამო შეექმნათ. covid-19-ზე დადებითი პასუხის გამო, გუნდს ვერ დაეხმარნენ ვალერი ოლხოვი, ლუკა ნანავა, ხუან ვარგასი, გუგა მახარაძე და აკაკი ნინუა. ამას გარდა, ტრავმების გამო ვერ ითამაშეს თამაზ ჟიშკარიანმა და კონსტანტინე ბარამიძემ.

ანგარიში მე-20 წუთზე „ვიტ ჯორჯიას“ 21 წლის მცველმა ზვიად ნაჭყებიამ ეფექტური დარტყმით გახსნა. 26-ე წუთზე ფოთელებს წონასწორობის აღდგენის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ, მაგრამ თორნიკე მუმლაძის შესრულებული პენალტის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

პლეი ოფის მეორე მატჩი გორის „ქართლის“ სტადიონზე გაიმართა – „გორმა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და მატჩი 0:0 დასრულდა.

ყველაფერი განმეორებით შეხვედრებში გადაწყდება, რომელსაც ფოთის „ფაზისის“ სტადიონი და მარტვილის „მურთაზ ხურცილავა არენა“ უმასპინძლებენ.