ვიტ ჯორჯიამ კარი „გაიჯახუნა“, ბათუმის დინამომ კი ოქროს ქულები დაკარგა (ვიდეო)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა – ჩემპიონატის ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

 

ანგისას საფეხბურთო კომპლექსში გამართულ შეხვედრაში პირველივე წუთიდან უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და ანგარიში მე-3 წუთზე გახსნეს: „ვიტ ჯორჯიას“ მეკარე ლევან ისერგიშვილმა ჯოვინო ფლამარიონის შესრულებული პენალტი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა ზუსტად დაარტყა.

ბათუმელებმა მეორე ნახევარში არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, რისთვისაც 86-ე წუთზე „ვიტ ჯორჯიამ“ მასპინძლები დასაჯა – სტუმართა შეტევა გუნდის კაპიტანმა ზვიად სეხნიაშვილმა დააგვირგვინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ლიდერმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, ვიტ ჯორჯიას” კი ეს ქულა ვეღარ უშველის – მისმა უშუალო კონკურენტმა ბოლნისის „სიონმა“ ხვალ, საჩხერის „ჩიხურასთან“ საშინაო შეხვედრა და დარჩენილი მატჩებიც რომ წააგოს, „ვიტ ჯორჯიამ“ კი ბოლო მატჩები მოიგოს და ქულებით გაუთანაბრდეს, პირად შეხვედრებში უპირატესობა მაინც ბოლნისელებს დარჩებათ.

ბათუმელთა მოულოდნელი საჩუქრით შეიძლება ისარგებლოს თბილისის “დინამომ”, რომელიც 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მიხეილ მესხზე“ მესამეადგილოსან „საბურთალოს“ (60 ქულა) ესტუმრება. მოგების შემთხვევაში კი თბილისის „დინამო“ გალიდერდება.

დატოვე კომენტარი