ვიქტორ ვემბანიამამ მკურნალობის შემდეგ თამაშის უფლება მიიღო #1TVSPORT
„სან ანტონიო სპურსის“ კალათბურთელი ვიქტორ ვემბანიამა აცხადებს, რომ ვენების ღრმა თრომბოზის მკურნალობის შემდეგ მოედანზე დაბრუნების ნებართვა მიეცა – მას მარტში ამ პრობლემის გამო ოპერაცია ჩაუტარდა.
21 წლის ფრანგი მოთამაშე, რომელიც ტეხასურმა გუნდმა 2023 წლის NBA-ის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია და თაობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლება, არასასურველი დიაგნოზის დასმის შემდეგ, იძულებული გახდა, 2024-25 წლების სეზონი ვადაზე ადრე დაესრულებინა.
„ოფიციალურად მაქვს თამაშის უფლება. „სპურსის“ სამედიცინო პერსონალისგან თანხმობა მივიღე. როგორც იქნა, საბოლოოდ შევძლებ კალათბურთის თამაშს!
ჩემი ტრავმა თავგადასავალი იყო. დღეს ბევრად უკეთ ვარ, როგორც ფიზიკურად, ასევე – მენტალურად. გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე გაცილებით სწრაფად წარიმართა, ვიდრე ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე. ახლა შეიძლება ითქვას, რომ თრომბოზი წარსულს ჩაბარდა. ეს აღარ უნდა განმეორდეს“, – განაცხადა ვიქტორ ვემბანიამამ.
ამასთან, საფრანგეთის ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-სთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, თუმცა ვემბანიამა სიაში ვერ მოხვდა. ამის მიზეზი ის არის, რომ NBA-ის ვარსკვლავი შემდეგი სეზონისთვის მომზადებაზეა კონცენტრირებული.
სანდრო მამუკელაშილის ყოფილმა თანაგუნდელმა გასული სეზონი 176 დაფარებით დაასრულა, რაც 2024-2025 წელს NBA-ში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
გივი ცერაძე