ვიქტორ ოსიმენმა ვარჯიში განაახლა და, სავარაუდოდ, „მილანთან“ ითამაშებს #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენმა ვარჯიში განაახლა და, სავარაუდოდ, „მილანთან“ ითამაშებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ნიგერიელმა ვარსკვლავმა, ვიქტორ ოსიმენმა გუნდთან ერთად მცირე დატვირთვით ივარჯიშა და, დიდი ალბათობით, „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში დაბრუნდება, – ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ.

„პარტენოპეიმ“ „მილანთან“ წაგების შემდეგ კასტელ ვოლტურნოში, ბაზაზე ივარჯიშა და მზადება სერია A-ს 30-ე ტურის შეხვედრისთვის დაიწყო, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ „ვერონას“ წინააღმდეგ გაიმართება. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ოთხშაბათს „სან სიროზე“ ვერ ითამაშა, მაგრამ მომავალ კვირას, 18 აპრილს „სტადიო მარადონაზე“ ჩასატარებელ შეხვედრაში გუნდს დაუბრუნდება.

ხუთშაბათს, საწვრთნელი პროცესის დროს გუნდი ორ ჯგუფად დაიყო: მათ, ვინც „სან სიროზე“ ითამაშეს, აღდგენითი ვარჯიში დარბაზში გაიარეს. გუნდის სხვა წევრებმა ფიზიკური დატვირთვების შემდეგ ბურთით ივარჯიშეს და ითამაშეს.

ჯანლუკა გაეტანომ პროცესი გრიპის სიმპტომის მიზეზით გამოტოვა. ვიქტორ ოსიმენმა ვარჯიშის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა, რის შემდეგაც ინდივიდუალურად დაიტვირთა. ჯოვანი სიმეონეს კი ფიზიოთერაპიის კურსები უტარდებოდა“, – წერია „ნაპოლის“ განცხადებაში.

ლუჩანო სპალეტიმ დაადასტურა, რომ 24 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი დაბრუნდება „როსონერის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში. ნიგერიელი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 25 გოლი გაიტანა.