ვიქტორ ორბანი - ევროკავშირი კოჭლი იხვის მსგავსად იქცევა, მოლაპარაკებები არა აშშ-თან, არამედ რუსეთთან უნდა აწარმოოს უსაფრთხოების საკითხებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი ანტიუკრაინული სახელმწიფო არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ უნგრული მედია ავრცელებს.
„ჩვენ ანტიუკრაინელები არ ვართ. ჩვენ გვსურს მომავალი უკრაინისთვის, რადგან ისეთი მეზობელი ქვეყანა, რომელიც იშლება, ჩვენ არ შეგვეფერება“, – თქვა ორბანმა.
რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას ვიქტორ ორბანმა ახსნა, თუ რა არის, მისი აზრით, კონფლიქტით დაინტერესებული მხარეების მიზნები.
ორბანის თქმით, რუსეთს სურს დასავლეთის გაფართოების შეჩერება, უკრაინას – ფინანსური დახმარების მიღების გაგრძელება და ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილება; ევროკავშირის მიზანია ომის მხარდაჭერა, დიდი ძალაუფლების პოზიციის მოპოვება, ხოლო აშშ-ის – შეთანხმებების მიღწევა და ევროკავშირის ამერიკაზე ეკონომიკური დაქვემდებარება.
უნგრეთის პრემიერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი „კოჭლი იხვის“ მსგავსად იქცევა და მოლაპარაკებები არა აშშ-თან, არამედ რუსეთთან უნდა აწარმოოს უსაფრთხოების საკითხებზე.