ვიქტორ ოლადიპომ ტრავმა თითქმის მოიშუშა, „ინდიანას“ ლიდერი გარკვეული პერიოდი G ლიგაში იასპარეზებს
ვიქტორ ოლადიპომ ტრავმა თითქმის მოიშუშა, „ინდიანას“ ლიდერი გარკვეული პერიოდი G ლიგაში იასპარეზებს

„ინდიანამ“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2019-2020 წლების რეგულარული სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო. გუნდმა სასტარტო სამი შეხვედრა დათმო, თუმცა მას შემდეგ მობილიზება შეძლო და ამჟამად 7 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს.

უნდა აღინიშნოს , რომ „პეისერსის“ კალათბურთელებს ტრავმებმა მოსვენება არ მისცა. ამჟამად, ტრავმირებულია გუნდის ძირითადი ცენტრი მაელს ტერნერი, ასევე დაშავებული იყო დომანტას საბონისი, რომელმაც ტრავმა უკვე მოირჩინა. კვლავ რეაბილიტაციის პროცესს გადის ამ ფორმაციის გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ვიქტორ ოლადიპო.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ როდის შეძლებს სრულფასოვნად დაბრუნებას ოლადიპო. თუმცა, „ინდიანას“ ფანებისთვის ვიქტორის ტრავმასთან დაკავშირებით ერთი დადებითი ინფორმაცია მაინც გახდა ცნობილი: „ათლეტიკის“ (The Athletic) ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ ოლადიპო გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ჯი“ ლიგის გუნდ „ფორტ ვეინ მედ ენთსში“ იასპარეზებს.

ეს გუნდი „ჯი“ ლიგაში „ინდიანას“ შვილობილად მიიჩნევა. ამ ინფორმაციას „პეისერსშიც“ ადასტურებენ. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიქტორ ოლადიპო მოედანს სულ მალე დაუბრუნდება.