ვიქტორ მონხილი - სამწუხაროდ, „დინამოს“ დატოვება პირადი პრობლემების გამო მომიხდა #1TVSPORT
ვიქტორ მონხილი - სამწუხაროდ, „დინამოს“ დატოვება პირადი პრობლემების გამო მომიხდა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ესპანელ მცველს, ვიქტორ მონხილს დაემშვიდობა. გუნდსა და ფეხბურთელებს შორის არსებული კონტრაქტი ორმხრივად შეწყდა.

თბილისურ კლუბთან დამშვიდობებას ვიქტორ მონხილი ემოციური წერილით გამოეხმაურა.

„მინდა მივმართო „დინამო თბილისის“ დიდ ოჯახს. დღეს ჩემთვის მძიმე და რთული დღეა. თქვენ ჩემთვის ბევრს ნიშნავთ და გულით მიყვარს ქართველი ხალხი. მიყვარს ეს დიდი გუნდი, რომელმაც მომცა საშუალება ისეთი ოცნებების ახდენის, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი. ფეხბურთში არაა იოლი წარმატების მიღწევა და მე თქვენთან ერთად ეს შევძელი. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მიმიღეთ და გვერდში მედექით როგორც თქვენიანს. თავს ყოველთვის როგორც სახლში, ისე ვგრძნობდი. სამწუხაროდ, ჩემი პირადი პრობლემების გამო მომიწია გუნდის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მე ვთხოვე კლუბს და ორმხრივად გავწყვიტეთ კონტრაქტი“, – წერია მონხილის მიმართვაში.

ესპანელმა მცველმა „დინამო თბილისის“ მადლობა გადაუხადა:

„გუნდი ყველაფერზე და ყველაზე მაღლა დგას. „დინამო თბილისზე“ უამრავი რამის თქმა შემიძლია და ამაყი ვარ, რადგან ამ ისტორიული და საამაყო კლუბის წევრი ვიყავი და რამდენიმე წარმატებაში თავადაც მივიღე მონაწილეობა. მინდა, კლუბის თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა, დაწყებული გუნდის პრეზიდენტით და დამთავრებული თითოეული თანამშრომლით. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის, ეს ნდობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ჩემი 100% დახარჯვის მთავარი სტიმული იყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს. მომენატრებით ბიჭებო, თქვენთან ერთად ყოველთვის ამ ოჯახის წევრად ვთვლიდი თავს. მიხარია თქვენთან მეგობრობა და ყველას წარმატებას გისურვებთ. იმედი მაქვს, ჩვენ კიდევ შევხვდებით – თქვენ ჩემი სახლი ხართ. დღეს და სამუდამოდ – „დინამო თბილისი!“.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ მონხილი „დინამოში“ 2019 წელს ჩაირიცხა და ჩემპიონობის მოპოვებაში დიდი როლი შეიტანა. 2020 წლის დასაწყისში კალკუტას „დინამოში“ გადავიდა, სადაც ინდოეთის ჩემპიონი გახდა და 2020 წლის ზაფხულში თბილისურ კლუბს დაუბრუნდა. ესპანელმა მცველმა „დინამოს“ ფორმა ეროვნულ ლიგაში სულ  49-ჯერ მოირგო და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ამიტომ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს „ნეფთჩისთან“ შეხვედრამდე (7 და 14 ივლისს) მისი გამოკლება „დინამო თბილისისთვის“ მტკივნეული დანაკარგია.