ვიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის წარმომადგენელთან ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხი განიხილა
ვიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის წარმომადგენელთან ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხი განიხილა

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ მარტინ შუეპთან და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორ ერიკ დანიელ ბუნსკოგთან.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება. ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ არსებულ საგანგაშო მდგომარეობას. მან შეშფოთება გამოთქვა ბოლო დროს საოკუპაციო რეჟიმის გახშირებული პროვოკაციული მოქმედებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, ამგვარი საგანგაშო მდგომარეობა საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დროულ და ეფექტურ რეაგირებას. ვიქტორ დოლიძემ ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ წითელი ჯვარი წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეღწევა და თხოვნით მიმართა ICRC-ს წარმომადგენლებს, მომავალში გათვალისწინებულ იქნას მათი ოპერატიული მოქმედების მნიშვნელობა.

ვიქტორ დოლიძემ ასევე მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მონახულებისთვის და თხოვნით მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში, ოჯახის წევრებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების შესაძლებლობა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ ყოველდღიური კავშირი აღნიშნულ საკითხზე და მოვლენების განვითარების კვალდაკვალ გაცვალონ ინფორმაცია.